logo_geo
eng_logo
სუს-ი: საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა
- +

4 აპრილი. 2018. 11:14

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს.

 

ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

„ახალგაზრდები უარს აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში გაწევრიანებაზე, ხოლო ორგანიზაციის მხარდამჭერი ავტორიტეტული ლიდერები მათ რიგებს ტოვებენ. იდეოლოგიური კრიზისის გარდა, „ისლამურ სახელმწიფოს“ სირთულეებს უქმნის ფინანსური პრობლემებიც, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისთვის გადაადგილების თავისუფლებასა და თანხების მოზიდვაზე დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვებით არის განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლოა, საქართველოში ჰყავდეს ცალკეული მხარდამჭერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად”, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

„ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნების ფაქტები არ დაფიქსირებულა. სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებას და მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

 

„საანგარიშო პერიოდში აქტიური ღონისძიებები გატარდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსების ფაქტების დასადგენად. დაფიქსირდა ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner