თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ე.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ნ.-მ 2018 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლის ნ.ი.-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა, რა დროსაც მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
სამართალდამცველებმა ე.ნ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.