„თავიდან ბოლომდე ვიზიარებ გედი ფოფხაძის პოზიციას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ და ვერ უნდა გახდეს ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე დაკავებული იყო და დღესაც დაკავებულია პატრიარქის ლანძღვა-გინებით... ჩვენი რწმენის, ტრადიციების მიზანმიმართული დაკნინებით. ნინო ლომჯარიას არჩევის შემდეგ, ესაა კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელსაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილმა. საჯარო უნდა გახდეს (და უკვე გახდა) „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატთა ვინაობა, რომლებმაც ქალბატონ კაკაბაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა. საზოგადოება, ხალხი უნდა იცნობდეს ამ დეპუტატებს, რომლებმაც ბოკერიას მიერ ლობირებულ კანდიდატურას მისცეს ხმა. საქართველოს პარლამენტში უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ ე.წ. ხუთკაციანი დაჯგუფების „პარადი“, რომელიც ბოკერიას დირექტივების უშუალო შემსრულებელია და უკვე საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას“, - წერს ინაშვილი.