სამების საკათედრო ტაძარში, დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით წირვა და ფეხთბანვის წესი შესრულდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.
პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ დღეს მისი დიაკვნად კურთხევა გაიხსენა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როდესაც უფალმა აზიარა „ხორცსა და სისხლსა თვისსა“ მოწაფეები. ეს არის ის დღე, როდესაც უფალმა დაბანა „ფერხი მოწაფეთა თვისთა და უჩვენა სიმდაბლე თვისი“.
მე მახსენდება ჩემი კურთხევა ამ დღეს, მე მაკურთხეს დიაკვნად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი. მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ „წმიდათა საიდუმლოთა ხორცისა და სისხლისა“. ღმერთმა ინებოს, რომ საკურნებლად იყოს სულისა და ხორცისა ჩვენთვის“, - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ვნების შვიდეულის ბოლო დღეების მსახურებაზეც ისაუბრა.
„თქვენ იცით, რომ შაბათს არის ხარება, იშვიათი შემთხვევაა, რომ ამ დღეს ხარების დღესასწაულია, ხარების დღესასწაულის ლიტურგია სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება“, - განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, საღმრთო ლიტურგია სიონის ტაძარში, 7 აპრილს, 10.00 საათზე დაიწყება.
„ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.
დღეს, სამებაში 19.00 საათზე 12 ვნების სახარების კითხვა დაიწყება. წითელ პარასკევს 14.00 საათზე, სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდება და შაბათს დილით, წესის აგება საფლავად დადების დღესთან დაკავშირებით.
ამასთან, 7 აპრილს, 23:00 საათზე სააღდგომო მსახურება დაიწყება, რომელზეც პატრიარქის ეპისტოლეს წაიკითხავენ.