„კომედი შოუს" მსახიობს გიორგი გოცირიძეს გუშინ გვიან ღამით ბელიაშვილის ქუჩაზე, ფეხით გადაადგილების დროს მსუბუქი მანქანა დაეჯახა. როგორც „ნიუპოსტს" ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პაციენტი შეყვანილია შოკის მდგომარეობაში, გულმკერდისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმებით, ამასთან ერთად წვივის ძვლების მოტეხილობით. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია მუცლის ღრუზე. პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, ამ დრომდე იმყოფება მართვით სუნთქვაზე და წევს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ამ დღეებში იგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაცია. ოპერაციის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, რადგან პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
როგორც შს სამინისტროში „ნიუპოსტს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: „newpost.ge”