2016 წელს „ევროვიზიის" რიგით 61-ე სიმღერის კონკურსი შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართება. გრანდიოზულ სანახაობას „Globe Arena" უმასპინძლებს. ამჯერად კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ნახევარფინალი 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 14 მაისს. წელს „ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz სიმღერით „Midnight Gold".
ნიკა კოჩაროვი: „ევროვიზიის" კონკურსისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. მუსიკალურად ყველაფერი რიგზეა, ახლა კოსტიუმებს გვიკერავენ. ჩვენი საკონკურსო ნომრის სცენოგრაფიაზე შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი ზრუნავს.
ჩვენნაირი მუსიკა ჯერ არ მოუსმენიათ „ევროვიზიის" ფესტივალზე. შესაძლოა, ეს არც ისე კარგია, მაგრამ „ევროვიზიის" ქართველი პარტნიორების თამამი ექსპერიმენტია.
თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ევროვიზიაზე" გასვლა. ჩვენ სულ სხვა სცენისკენ მივილტვით, მაგრამ, როდესაც შემოგვთავაზეს, ვიფიქრეთ, რატომაც არა-მეთქი.
ყველა ამბობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს. მის კლიპზე მილიონებია დახარჯული. თუმცა არავინ იცის, ფინალში რა მოხდება... გამარჯვების შანსი რომ საშუალოზე ნაკლები გვაქვს, ამას ყველა ხვდება. ჩვენ ხალხში არაპოპულარულები ვართ. ჩვენი მუსიკა არ არის ფართო მასებისთვის. ჩვენი ბეგრაუნდი როკ-ენ-როლია, მაგრამ ვცდილობთ, ახალი ელემენტებიც შევძინოთ. არ ვაღიარებთ ჩარჩოებს, მიგვაჩნია, რომ ჩარჩოები მუსიკისთვის დამღუპველია", -ამბობს კოჩაროვი.