logo_geo
eng_logo
ბრაზილიის ფედერალურმა მოსამართლემ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა
- +

6 აპრილი. 2018. 12:36

 

ბრაზილიის ფედერალურმა მოსამართლემ სერჟიუ მორომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლულა და სილვას დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ბრაზილიური ტელეარხი „Globo“ იუწყება.

 

დაკავების ორდერის თანახმად, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციას დღეს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე უნდა ჩაბარდეს.

 

„რაც შეეხება მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას, მისი თანამდებობისადმი პატივისცემიდან გამომდინარე, რომელსაც ის იკავებდა, მე მას შესაძლებლობას ვაძლევ, თავისი ნებით წარსდგეს ქალაქ კურიტიბას ფედერალური პოლიციის განყოფილებაში 6 აპრილის 17:00 საათამდე. ასევე ვადგენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში ხელბორკილების გამოყენება იკრძალება“, - ნათქვამია მოსამართლის ორდერში.

 

დაკავების ორდერში ასევე აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა წინასწარ მომზადებულ საკანში იქნება მოთავსებული.

 

გუშინ ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლულა და სილვას დაპატიმრების თაობაზე.

 

24 იანვარს ფედერალურმა რეგიონალურმა სასამართლომ დაადასტურა ლულა და სილვასთან მიმართებაში გამოტანილი განაჩენი და პატიმრობის ვადა 9 წლიდან 12 წლამდე გაზარდა. ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელიც მსჯავრდებულია კორუფციის საქმეზე, არ შეიძლება არჩეულ იქნას სახელმწიფო თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვების თანახმად, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner