logo_geo
eng_logo
„სხვა კაცთა შორის, თითქოს ერთი იყავ ბედკრული...“
- +

6 აპრილი. 2018. 15:49

 

შემოდგომაზე, ჩემი მეგობრის, მამუკა არეშიძის ხელშეწყობით, აფხაზეთში მიმდინარე ომის ამსახველი პირადი ვიდეოთეკა „გავაციფრულე“და აღმოვაჩინე ინტერვიუ კაცთან, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, ბატონ ჟიული შარტავასთან ერთად, სახალხოდ დახვრიტეს. ყურადღებით ვუყურე ჩანაწერს, ერთგან, შეწუხებული მეუბნება - ორი შვილიშვილი, ორი ვაჟკაცი შემეძინა და თბილისში ჩასვლას და მათ მონახულებას ვერ ვახერხებო... ეს ადამიანი გახლდათ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო მდივანი, ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი. ინტერვიუ იმ დღესვე facebook-ის ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე. რამდენიმე წუთში გამომეხმაურნენ. ტირილნარევი ხმით, მაგრამ მაინც გახარებულები მირეკავდნენ მისი შვილები, მეუღლე, ნათესავები თუ მეგობრები. მწერდნენ თელავიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან, ბათუმიდან. ერთმა აფხაზმა, ოჯახის სახელით გულწრფელი სინანული გამოხატა და დასძინა - არამც და არამც ნამდვილი აფხაზი ამას არ ჩაიდენდაო...  საერთო ახლობლებმა გადმომცეს, მასალის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში ბეთაშვილების ოჯახში ემოციებს ვერ ფარავდნენ მისი შვილიშვილები (ექვსნი არიან და ღმერთმა ამრავლოთ), განსაკუთრებით ვაჟები, ცრემლიანი თვალებით ოთახებში ბოლთას სცემდნენ, ურეკავდნენ მეგობრებს, ახლობლებს, ეპატიჟებოდნენ ოჯახში, რათა ეჩვენებინათ სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირული გმირი ბაბუის ცოცხალი კადრები...

 

ჯუმბერ ბეთაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა, „ზემელზე“, კვალის ქუჩა #5-ში. მის მეგობართა შორის იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი... მამა რკინიგზელი ჰყავდა და სამსახურის გამო სოხუმში მოუწიათ გადასვლა. ჯუმბერი ბებიასთან იზრდებოდა. ბავშვობაში მუსიკა, განსაკუთრებით ჯაზი იტაცებდა. უკრავდა ფორტეპიანოზე, გიტარაზე, საქსოფონზე, კონტრაბასზე, მისი ნიჭის პირველი შემფასებელიც ბებია იყო. მეგობრები იხსენებენ - როცა ბებიას ასძახებდნენ, ჯუმბერი სად არისო, ის სერიოზულად პასუხობდა - ქაუნთ ბეისთან არის წასულიო... 22 წლისა უკვე ოჯახს დამოუკიდებლად არჩენდა, უკრავდა ანსამბლ „ლალეში“, უკრავდა გემზე. მუსიკით გატაცებას შრომით საქმიანობას უთავსებდა, ცდილობდა, ყოველდღიურობაზე მაღლა დამდგარიყო. სიმდიდრე ადამიანებშიაო, ამბობდა და ბევრი მეგობარიც ჰყავდა ქართველი, აფხაზი თუ რუსი...

 

ერთხელ, ომის პერიოდში, ჩრდილო კავკასიიდან დაურეკეს და სთხოვეს, დაღუპული მეომრის  (ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა) ცხედრის მოძიებაში დაგვეხმარეო. მისი მეუღლე ქალბატონი ნელი ჩოჩია იხსენებს, ჯუმბერმა მართლაც მიაკვლია მეომრის ნეშტს, გადასვენებისას საკუთარ ოჯახში შეუვლია, მეუღლე და ქალიშვილები მანქანაში ჩაუსვამს და ცხედარი სოხუმის აეროპორტამდე მიუცილებია. მეგობრებთან უთქვამს: „რუსთაველის პროსპექტზე ადვილია ქართველობა, აქ არის ძნელი, აფხაზები პატარა ერია, უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთო“. ომი რომ დაიწყო, აფხაზები სწორედ ჯუმბერის სახლში აფარებდნენ თავს. აფხაზი მეგობრები ურეკავდნენ, დახმარებას სთხოვდნენ - „გაიყვანე ჩემი ოჯახი“, „პროდუქტი მიაწოდე“, „შენი იმედი გვაქვს, ჯუმბერ“. ისიც თავის ვალს იხდიდა, მეგობრის და კაცის ვალს. „ჯუმბერის სიკვდილში აფხაზის ხელი არ ურევია, ის ალბათ გადამთიელებმა მოკლეს“, - დღემდე ასე სჯერა ქალბატონ ნელის.

 

იყო დრო, როდესაც ბეთაშვილების ოჯახში იკრიბებოდა რუსული ელიტა: ჟურნალისტები, პოეტები, ლიტერატორები, მსახიობები: ევგენი ევტუშენკო, ალექსანდრე მეჟიროვი, თემურ გაიდარი. მის სახლში კითხულობდა  ლექსებს ბელა ახმადულინა, მღეროდა ბულატ ოკუჯავა. აი, რას წერდა ჯუმბერის დიდი მეგობარი ევგენი ევტუშენკო: „რა გინდა ქნა, როცა მოგიკვდა მეგობარი, ისიც არ იცი, სად არის მისი სხეული? მე არ მყოლია ჯუმბერ ბეთაშვილზე საყვარელი და ერთგული მეგობარი. შესაძლებელი რომ იყოს, პირველ რიგში ღმერთს პუშკინის გაცოცხლებას ვთხოვდი, მეორედ კი ჯუმბერის“. ჯუმბერისადმი მიძღვნილი ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა თარგმნა და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა. რამდენს დაეხმარა, რამდენი ანუგეშა და ხელი გაუმართა... ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი და მოგზაური თემურ გაიდარი:  „საოცრად წარმოსადეგი, ლამაზი და ჭკვიანი. სამყაროს კეთილი თვალებით უმზერდა. ყველას რომ მისნაირად ემზირა ნაცნობ-უცნობებისთვის, მთისა და ზღვისთვის, ტყისა და ტრამალისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ცოდვილ დედამიწაზე დააბიჯებს, დარწმუნებული ვარ, აღარ იქნებოდა ძალადობა, სიძულვილი და ომები. 1973 წელს გავიცანი, მაშინვე დავმეგობრდით: „ქართული ჩამოსხმის შენი ძმა“- ასე წარმომიდგინა თავი, ამ სიტყვებით მირეკავდა მოსკოვში. ვმეგობრობდით ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უყვარდა პოეზია, თავად ლექსებს არ წერდა, მაგრამ მახსოვს, სოხუმის ქუჩებში სეირნობისას სიამოვნებით ისმენდა კარგ ლექსებს...“

 

ჯუმბერ ბეთაშვილი, შინაგანად სუფთა და ფაქიზი ადამიანი, სიკეთის კეთების სურვილით იყო დაბადებული. შენგან მხოლოდ ერთს მოითხოვდა: უანგაროდ მიგეღო ეს სიკეთე. გმირობაზე არასოდეს უფიქრია, ის უბრალოდ ჯუმბერ ბეთაშვილივით მოიქცა. იმ კაცივით, ვისაც ქართველების სავიზიტო ბარათს უწოდებენ აფხაზეთშიც და ყველგან, სადაც კი ფეხი დაუდგამს...

 

გურამ გორელიშვილი

 

ჯუმბერ ბეთაშვილს

 

ბოროტმოქმედი იყავ ვითომ,

 ხელებშეკრული.

ნანგრევებს შორის

მიდიოდი

მარტო, ეული.

სხვა კაცთა შორის,

თითქოს ერთი იყავ

ბედკრული,

თვით ქართველებშიც

დიადი და გამორჩეული.

სოხუმს, რომელსაც

იფიცებდი ცხოვრება

მთელი,

გადაქცეულა

ჯოჯოხეთის ვეება

ქვებად და ძველი კოცნა

ვით კოცნა მწველი

მოკუმულ ტუჩებს

კონდახივით დააკვდა

ხარბად.

ვიღაცის ცოლი

გამოვარდა

მოთქმით და ვიშით,

პირს გამეხებულს

სისხლის წვეთი

მოგწმინდა შიშით.

 

გამოსათხოვარს

ნავთსადგური

ჭრიალით კვნესის,

ხოლო „ამრადან“

ნატირალი

სიმღერა მესმის.

 

სასოწარკვეთილ

ფარშევანგის

მესმის ყივილი,

იქნებ დაგხვრიტეს?

იქნებ, ვეღარც

იგრძენ ტკივილი?

 

ან იქნებ, მართლა

ცოცხალი ხარ,

ვით ამბობს ხალხი, მეც დამწვეს, ძმაო,

როს გულრიფშში

დამიწვეს სახლი.

 

დამწვარ საბჭოეთს

ფილტვებიდან ამოვახველებ,

ჩაუმქრალ ცეცხლში

ვეძებ, ძმაო,

ძმათა სახელებს.

 

ჩვენც შენთან ერთად

ვართ დამწვრები

შავბნელ ღამეში

და ყვირილივით

ვდგავარ დიად

სიმწუხარეში.

 

ვითომ გადავრჩი,

თუმც დანაცრულს,

ფერი მაქვს თალხის,

ყურს ვუგდებ ჩხრიალს

გასაღებთა -

დამწვარი სახლის.

 

თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner