logo_geo
eng_logo
დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში - საქართველოს სავიზიტო ბარათი
- +

6 აპრილი. 2018. 17:33

 

ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე უნიკალური დენდროლოგიური პარკი შენდება, თუმცა რას წარმოადგენს ეს პარკი, ამის შესახებ არათუ საზოგადოება, არამედ ელექტრონული და ბეჭდური მედიაც არ არის საკმარისად ინფორმირებული.

 

Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოში მშენებარე ამ იშვიათი პარკის თაობაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. არადა, დაახლოებით, ერთ წელიწადში საქართველოს ექნება დენდროლოგიური პარკი, რომელიც გადაშლილი იქნება ზღვასა და მთას შორის ისეთ უნიკალურ ლანდშაფტზე, როგორსაც მსოფლიოში, ფაქტობრივად, ანალოგი არ აქვს.

 

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს შორის მერვე, შეკვეთილის პარკი, ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

 

ამ თემაზე სასაუბროდ „საერთო გაზეთი“ „მწვანეთა პარტიის“ გენერალურ მდივანს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ბატონ გია გაჩეჩილაძეს ეწვია.

 

შეკვეთილში უკვე აშენდა უზარმაზარი საკონცერტო, საკონფერენციო დაწესებულება — შავი ზღვის არენა – Back sea arena-ს სახელწოდებით, გასართობი პარკი „ციცინათელა“, იქვე აშენდა სასტუმრო და პარკი „საქართველო მინიატურებში“, რომელიც შეკვეთილში ორ ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს.

 

დენდროლოგიური პარკი, რომელიც ერთ წელიწადში გაიხსნება, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. აქ თავს მოიყრის არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. დაირგვება 150-მდე ჯიშის ხე, რაც გააჯანსაღებს ბუნებას, პარკს ექნება როგორც რეკრეაციული, ასევე, ტურისტული მნიშვნელობა. იქნება შესანიშნავი დასასვენებელი, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, გამაჯანსაღებელი ტერიტორია.

 

– ბატონო გია, რა კეთდება წვერმაღალასა და შეკვეთილში? „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები რომ აპოკალიფსურ სურათს ხატავენ, მართლა ასეა? იქცევა გურია-აჭარა თუ შენდება?

 

– სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, შეკვეთილში. არ ვიცი, რატომ აკეთებს ამას ჩვენი მედიასაშუალებები, მაგრამ ფაქტია, ტელევიზიები დუმან, გაზეთები დუმან, შეკვეთილში კი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პარკი შენდება, რომელიც სულ მალე საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.

 

შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორია ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებით გაშენებული მუსიკოსების პარკი, მინიატურების ბაღი. კარგი იქნება, ვინმემ მოინდომოს და მოსახლეობას გააგებინოს, რა კეთდება და რა გაკეთდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, რა გაკეთდა და კეთდება შეკვეთილში.

 

იქ გაშენებული მუსიკოსთა პარკი არა მხოლოდ უნიკალურია თავისი სივრცული მოწყობით, არამედ იქ დგას ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, რომლებსაც, როცა მიუახლოვდებით, თითოეული ქანდაკებიდან, იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი, შესანიშნავი მელოდიები ისმის.

 

ვისაც უნდა, გაიგოს, როგორია თანამედროვე საქართველო, იქ უნდა ჩავიდეს და ნახოს ეს პარკები.

 

სულ მალე ამ საოცრებებს დაემატება დენდროლოგიური პარკი, რომელიც მსოფლიოში არსებული დენდროლოგიური პარკებისგან სრულიად განსხვავდება.

 

ჩვენს დენდროლოგიურ პარკში უნიკალური ჯიშის ხეები დაირგვება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 სახის იშვიათი ჯიშის ხეს ჩამოიტანენ. მათ შორის აფრიკიდან და აზიის ქვეყნებიდან. ჩამოიტანენ უნიკალურ სექვოიას, რომელიც ათასი წელი ხარობს და არის მარადმწვანე ჯიშის მცენარე. 2–3 ჰა ფართობზე გაშლილი იქნება გიგანტური ხეები, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ბიომრავალფეროვნებისთვის დამახასიათებელი მცენარეები. ეს იქნება არა მხოლოდ რეკრეაციული, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი შენაძენი, რადგან დენდროლოგიური პარკები, ძირითადად, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით არის ხოლმე საინტერესო, როგორც უნიკალურ ჯიშებზე დაკვირვებისა და მეცნიერული შესწავლის ფართომასშტაბიანი ობიექტები.

 

ყველაფერი ეს კეთდება ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ის პარკები, რომლებიც უკვე გაიხსნა.

ბიძინა ივანიშვილმა ყოველივე ეს გააკეთა და აჩუქა საქართველოს.

ეს რჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობებს.

 

– გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია განგაშს ტეხს: ხეების გადატანის დროს ეკოსისტემა ზიანდება და ნადგურდებაო...

 

– ეს არის „რუსთავი 2“-ის ყალბი და დემაგოგიური რიტორიკა. ასე აწვდის ის მოსახლეობას ინფორმაციას შეკვეთილში მიმდინარე პროცესების შესახებ და ეუბნება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს საკუთარ ეზოში. არადა, იმ ტერიტორიიდან, სადაც პარკი უნდა გაშენდეს, ბიძინა ივანიშვილის სახლამდე 2 კმ-ზე მეტია.

 

ყველამ უნდა იცოდეს, ყოველივე ამას „რუსთავი 2“ საზოგადოების გასაღიზიანებლად აკეთებს.

რაც შეეხება ზიანს. თუ რაიმე ზიანდება, ამაში ივანიშვილი კომპენსაციას იხდის.

ორმოებზე მოგახსენებთ.

 

საქართველოში მოქმედებს კანონი ნიადაგების დაცვის შესახებ. ამ კანონისა და იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმებულია ხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მომუშავე ფირმა ვალდებულია, მოახდინოს იმ ტერიტორიების აღდგენა. შესაბამისად, ორმოები შეივსება და იმ ადგილებში ნარგავები დაირგვება. ქარსაფარი ზოლიც აღდგება. ამაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და მე ამას თვალ-ყურს ვადევნებ. ყოველივე ამის პარალელურად კეთდება სასურველი პარკი მომავალი თაობებისთვის, რომელიც, ასევე, მომავალი ეკოლოგებისთვის იქნება საინტერესო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.

 

– ბატონო გია, რატომ არავინ არ ლაპარაკობს ამაზე?

 

– ეს მიკვირს მეც.

ის ტელევიზიები და სხვა მედიასაშუალებები, რომლებიც თავის დროზე სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, რატომ არიან გაჩუმებული? დღეს ისინი ბოკერიას და მისნაირების გაპიარებით არიან დაკავებული და თითქმის ყოველდღე ნაციონალები უზით ტელევიზიებში. სამარცხვინოა მათი საქციელი.

 

– ეს ადამიანები გარემოს დაცვის საკითხებზე ტელევიზიებში ლაპარაკობენ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს, აქციებს ამართვინებენ გაურკვეველ სუბიექტებს ხეების დაცვის მოთხოვნით. ცოცხალ ჯაჭვებს ავლებენ ხეებს. ვითომ ყიდულობენ მცენარეებს და ა.შ.

 

– არსებობს ორგანიზაცია, რომელიც სატელიტური აპარატურის საშუალებით ამოწმებს მსოფლიოში არსებული ტყეების მდგომარეობას. 2001-დან 2012 წლის ჩათვლით მონაცემებით, საქართველოს ტყეებიდან გამქრალია ათასობით ჰექტარი ტყე.

 

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ხანძრები იყო. კი, ბატონო, იყო ხანძრები 1000 ჰა-ზე. მაგრამ დანარჩენი 8 000 ჰექტარი გამქრალია. იცით, ეს რამდენი ხეა? 4-დან 5 მლნ-მდე ხე არის განადგურებული 2001-დან 2012 წლამდე. ამ უნამუსოებს ახლა განგაში აქვთ ატეხილი ერთი ხის გადარგვაზე.

 

ერთ მაგალითს მოვიყვან.

2013 წელს გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რას ჩადიოდნენ 2003 წლიდან ნაციონალები ქალაქ თბილისში. კერძოდ, ოფიციალური ნებართვაა გაცემული 21 000 ხის მოჭრაზე თბილისში.

 

აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებულია, აგრეთვე, ფირმა, რომელიც შენობას აგებდა გარკვეულ ადგილას. იგი მერიას სთავაზობს — ხეებს, რომლებიც მშენებლობას ხელს უშლის, გადავრგავთო, მაგრამ უგულავა კატეგორიულად ითხოვს იმ ხეების მოჭრას.

 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ უწევენ ხელოვნურად დისკრედიტაციას ბიძინა ივანიშვილის სახელს და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მისი ინიციატივით, 2016 წელს 100 კმ-ზე მეტი გზა არის გაყვანილი საქართველოს ტყეებში, ტყის აღდგენის და რეაბილიტაციის მიზნით. ხეები, რა თქმა უნდა, იჭრება ამ გზების გაყვანის დროს, მაგრამ ყოველივე ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ტყეს მოვუაროთ.

 

როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, 2012 წლიდან შეჩერდა ტყეების მრავალწლიანი იჯარით გაცემის ნებართვები. წლების განმავლობაში ნაციონალებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე გაცემული ჰქონდათ 40–49-წლიანი იჯარით ტყით სარგებლობის ნებართვები. ფაქტობრივად, უცხოელებისთვის საკუთრებაში ჰქონდათ მიცემული საქართველოს ტყეები. ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, როცა ამ კანონის მოქმედება შეაჩერა პარლამენტმა.

 

ახლა ფანტასტიკის სფეროს რომ განეკუთვნება, ისეთ რამეს გეტყვით. შეიძლება არ დაიჯეროთ, რადგან ასეთი რამ ხშირად არ სჯერათ ადამიანებს. 2012 წლის დასაწყისში, ნაციონალების ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ცვლილება გარემოს დაცვის კანონში, თუ ადამიანი წინასწარ გადაიხდიდა გარკვეულ თანხას, მას უფლება ეძლეოდა, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა კონკრეტული ტყის მასივში. მათ შორის, წითელ წიგნში შეტანილი ჯიშების განადგურების უფლებით და ა. შ.

 

იმ ხელისუფლების მოქმედების პირობებში არც ერთ მაკონტროლებელ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონდა უფლება, შესულიყო ტყეში და შეემოწმებინა, რა ხდებოდა იქ.

 

იმ ხანებში აქცია გავმართეთ „მწვანეთა პარტიამ“, იქვე შევაგროვეთ ასობით ხელმოწერა და წარვუდგინეთ მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც გაოცებული იყვნენ. მათ განაცხადეს, რომ ამაზე დიდი ბარბაროსობა არც გაეგონათ. მაშინ გაუქმდა ეს განკარგულება, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოს და ქართული ფლორისა და ფაუნის წინააღმდეგ იყო მიმართული.

 

ეს უნამუსოები ახლა ცდილობენ, რომ დაამცირონ ის საქმე, რაც კეთდება, დისკრედიტაცია გაუწიონ ბიძინა ივანიშვილის სახელს. თქვენ გინახავთ ოდესმე „რუსთავი 2“-ზე სიუჟეტი მუსიკალურ პარკზე, ან დენდროლოგიურ პარკზე, ან მინიატურების პარკზე? მაგრამ არა უშავს. გადახედეთ საქართველოს ისტორიას. თუ ვინმე კარგს აკეთებდა საქართველოსთვის, ამცირებდნენ, ან კლავდნენ, ან ქვეყნიდან აძევებდნენ. ყოველივე სიკეთე ჰქონოდეს ბიძინა ივანიშვილს, ის, ყველაფერს კარგს იმსახურებს ჩვენი მოსახლეობისგან.

 

– ბატონო გია, „ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ კონკრეტულად ადამიანების წინაშე, არამედ, როგორც ირკვევა, სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული. პარლამენტარები, ვინც თანხმდებით ამაში, რატომ არ აყენებთ მათი გასამართლების მოთხოვნას. ხომ იცით, რომ ხალხი ამაში მხარს დაგიჭერთ?

 

– ვიცი, რომ ხალხი მხარს დაგვიჭერს, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. მოხდა ისე, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ყველა ცვლილება ძალადობრივად მოხდა. ამჯერად მშვიდობიანად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას. როგორც ჩანს, ამის გამო ბევრ რამეზე მოხდა თვალის დახუჭვა. ახლა ჯერი ხალხზეა. არ უნდა დაიჯეროს მოსახლეობამ, რომ „ნაცმოძრაობის“ განაყოფები უკეთესნი არიან. ისინი ერთი მთელის ნაწილები გახლავთ და მათი ნდობა არ შეიძლება.

 

პირადად ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღეს „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, არ იარსებებდა.

 

ესენი არიან ჩვეულებრივი დემაგოგები, რომლებიც სხვისი სახელის დისკრედიტაციით, ვითომდა თავიანთ პოლიტიკურ ქულებს იწერენ. თუ ასე ძალიან აინტერესებთ, გაყვნენ სატყეო დეპარტამენტის ჯგუფს და ნახავენ, რა ხდება ჩვენს ტყეებში. იმაზე არავინ წუხს, რომ საქართველოს ტყეები უმძიმეს მდგომარეობაშია და მიხედვა სჭირდება. აუცილებელია სანიტარული ჭრები, ტყის მოვლა. თუ ჩარევა არ მოხდა, ძალიან მძიმე შედეგებია მოსალოდნელი.

 

სიკეთის დანახვა ნაციონალებს არ უნდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი უანგაროდ აკეთებს იმას, რაც მიაჩნია, რომ ადამიანმა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის იმის მიუხედავად, რომ ლანძღვა-გინება არ აკლია უმადური ხალხისგან.

 

გაიხსენეთ სიტყვები „ახალი აღთქმიდან“: „ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის… ნეტარნი ხართ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტსო“… ხომ გახსოვთ?! ასე ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილი, კაცი, რომელიც მართლა მშველელად მოევლინა ჩვენს ქვეყანას.

 

ირანდა კალანდაძე

 

რ ე დ ა ქ ც ი ი ს ა გ ა ნ: შეიძლება მოატყუო აწმყო, მაგრამ მომავალს ვერ მოატყუებო, _ ნათქვამია.

 

დღეს „ნაცმოძრაობა“ და მისი ნაბიჭვრები, დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიებს რომ ეძახიან თავიანთ თავს, კერძო თუ მოსყიდული საინფორმაციო საშუალებებით, მოსყიდული ჟურნალისტებით, მოსყიდული არასამთავრობო ორგანიზაციებით საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ გავა სულ მცირე ხანი, 20–30 წელიწადი და მთელი სისრულით წარმოჩინდება გრანდიოზული მასშტაბები იმ საშვილთაშვილო საქმეებისა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანას გაუკეთა.

 

ჩვენ, ივანიშვილის თანამედროვეებს, რომლებიც ამ დროში ვცხოვრობთ და ახლოს ვდგავართ ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესებთან, ამ სიახლოვის გამო შეიძლება გვიჭირს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული უნიკალური პროექტების სრულყოფილად აღქმა, თუმცა დროით და მანძილით დაშორებული მომავალი თაობები აუცილებლად გაოცდებიან ამ კაცის ნამოქმედარით და ნამოღვაწარით.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner