logo_geo
eng_logo
ნინო ჯანგირაშვილი - გვარამიაზე უფრო დიდი გვარამია!
- +

6 აპრილი. 2018. 17:59

 

„რუსთავი 2“-ის პარტიულ-კომკავშირული აქტივის სხდომაზე, სადაც მოწვეულ ამხანაგებთან ერთად ამხანაგ გაბუნიას პარტიული გადაცდომის საკითხი იხილებოდა, ძალზე მწვავე და კრიტიკული სიტყვით გამოვიდა გამოცდილი პარტმუშაკი, ამხანაგი ნინო ჯანგირაშვილი, რომელმაც მკაცრად დაგმო ამხანაგ გაბუნიას საქციელი და გაბუნიას „ნაცმოძრაობის“ ცეკას მდივანი იდეოლოგიურ დარგში, ამხანაგი გვარამიაც ზედ მიაყოლა.

 

სხდომა, რომელიც ძალიან ჰგავდა „უღმერთოთა კავშირის“ (იყო ასეთი ორგანიზაცია გასული საუკუნის 30-იან წლებში, რომელსაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბაბუა მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა) სხდომას, დაიძაბა.

 

სახუმარო საქმე ხომ არ იყო, პარტიულ ბრძოლებში გამობრძმედილ და ათას ბარიკადაზე გადამხტარ ამხანაგ გვარამიას ღიად და საჯაროდ აკრიტიკებდნენ და შენიშვნას აძლევდნენ.

 

ამხანაგი გვარამია, რომელიც ბოლო ხანებში სულ უფრო და უფრო ემსგავსება ნასოსით გაბერილ ოფოფს, დაბღვერილი და ბრაზისგან გაფუყული უსმენდა ამხანაგი ჯანგირაშვილის უცერემონიო გამოსვლას.

 

ამხანაგი ნინო, მართალია, იწონებდა „რუსთავი 2“-ის პარტიული კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლითაც ამხანაგ გაბუნიას საყვედური გამოეცხადა პირად საქმეში შეტანით, თუმცა იქვე უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ამხანაგმა გვარამიამ ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც გაბუნიას სიტყვები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვა.

 

- გაბუნიას ტექსტი მეც არ მომეწონა და ისიც კი ვიფიქრე, რას ბოდავს ეს ბიჭი-მეთქი, მაგრამ თქვენს მიერ ბოდიშის მოხდაც უადგილო და ზედმეტი მეჩვენაო, - ფოლადისებრი ხმით განაცხადა ამხანაგმა ნინომ, რომელიც იმ წუთას რაღაცით ჰგავდა კაპლანის ქალს, რომელმაც ლენინს ესროლა.

მართალია, გვარამია მთლად ლენინამდე ვერ ქაჩავს, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ პოლიტბიუროს შემადგენლობაში უმნიშვნელო პოსტიც არ უჭირავს, რომ ასე ღიად და საჯაროდ ვიღაც ჯანგირაშვილმა „გატრუპოს“.

 

თუმცა ჯანგირაშვილი სულაც არ არის ვიღაც...

 

ამხანაგი ჯანგირაშვილი ის ადამიანია, რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინათ, თავის პარტიულ ობიექტზე, „კავკასიაზე“, თავის თანამეცხედრე აქუსთან ერთად, რვა ქართველი ახალგაზრდა ისე გაიმეტა საციხედ, შუბლის ძარღვი არ შეტოკებია.

 

თემა მაშინაც იგივე იყო, რასაც ახლა „ქართული მარშის“ წევრები აპროტესტებდნენ.

 

ის კი არა, ეს ორი ინციდენტი დეტალებშიც კი ჰგავს ერთმანეთს - მაშინაც მთვრალ აქუს მოარტყა ვიღაცამ ცხვირში მუშტი, „რუსთავი 2“-ის ინციდენტშიც ერთი მუშტმორტყმული ცხვირიღა ფიგურირებს ნივთმტკიცებად.

 

ამხანაგ ჯანგირაშვილს თავისი წარსულის ეს სასახელო მომენტი არ უხსენებია ხმამაღლა, როცა გვარამიას ბოდიშის მოხდის გამო კიცხავდა, თუმცა ხსენება რად უნდოდა, ისედაც ცხადი იყო, რაზეც მიანიშნებდა იგი კოლეგას.

 

- რა ბოდიშებს იხდი, შე კაცო, აიღე და დააჭერინე ეს თავხედებიო, - ასეთი იყო ჯანგირაშვილის რეპლიკის ქვეტექსტი.

 

გვარამიას კი, როცა ამ სიტყვებს მორჩილად ისმენდა, პირდაპირ სახეზე ეწერა: - შენ მასწავლი, ქალო, მე, ნიკა გვარამიას, ვინ, როდის და როგორ დავიჭირო?

 

აქვე ისიც გვინდა დავამატოთ, რომ ადვილზე ადვილი შესამჩნევია, თუ როგორი თავგამოდებით ცდილობს ბოლო ხანებში ამხანაგი ჯანგირაშვილი გვარამიაზე და კიდევ სხვა გვარამიებზე უფრო დიდი გვარამია გამოჩნდეს.

 

როგორც იტყვიან, ტყავიდან ძვრება ამხანაგი ჯანგირაშვილი, საკუთარი პერსონა დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის მებრძოლ, უკომპრომისო და თავგანწირულ პიროვნებად წარმოაჩინოს.

 

ძნელი მისახვედრი არ არის, ვის აწონებს თავს და ვის უგზავნის დაშიფრულ მესიჯებს ჯანგირაშვილი.

 

ისიც ადვილად ამოსაცნობია, რა რჯის და რა მიზნით აკეთებს ამას ამხანაგი ნინო - ფული უნდა, დაფინანსება უნდა!

 

- მარტო „კავკასია“ აღმოჩნდა ისეთი ტელევიზია, რომელსაც დაფინანსების სხვა წყარო, გარდა სარეკლამო შემოსავლებისა, ვერ უპოვეს, - ამაყად აცხადებს პატიოსანი ნინო, თუმცა ის სარეკლამო შემოსავლები, რაც „კავკასიას“ აქვს, შეიძლება ერთი მომცრო დუქნის ხარჯებს ეყოს, მაგრამ ტელეკომპანიის შესანახად რამდენად არის საკმარისი, საკითხავია.

 

ახლა კი გიორგი გაბუნიას ის ტექსტი გავიხსენოთ, რასაც მთელი ეს დავიდარაბა მოჰყვა.

 

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი - მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად“.

 

როგორც ნიკა გვარამიამ საზოგადოებას განუცხადა, „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს.

 

„ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ არ განიხილებიან ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად“.

 

კი მაგრამ, ჩვენ არ განვიხილავთო, რომ ამბობთ, თქვენ ვინ ხართ, ამხანაგო გვარამია, და რა სტატუსით განიხილავთ ზოგს ქრისტიანად და ზოგს არაქრისტიანად?

 

მკაცრი და აკადემიური იყო იმ ოფიციალური განცხადების ტონი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გააკეთა გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ტონი რადიკალურად შეიცვალა იმ „სხადნიაკზე“, სადაც გაბუნიას საქმე გაურჩიეს.

 

„სხადნიაკის“ მონაწილეებმა და, მათ შორის, ნიკა გვარამიამაც გაბუნიას მთავარ ცოდვად ის კი არ ჩაუთვალეს, რომ მან აღმაშფოთებელი ცინიზმით და უტიფრობით მოიხსენია იესო ქრისტეს სახელი, არამედ ის, რომ გაბუნიას იუმორის ნიჭი არ აქვს თურმე და ხანდახან უკბილოდ ხუმრობს.

 

მერედა, არ გრცხვენიათ, თქვე მართლა უღმერთოებო, კაცს სხვა თუ არაფერი დაუშავებია, მხოლოდ იმის გამო აჰკიდეთ საყვედური, რომ იუმორის გრძნობა არ აქვს?

 

იუმორის გრძნობა კი არა, სინდისი არა აქვს გაბუნიას და ეს არის მისი უტიფრობის მთავარი მიზეზი.

 

არა მარტო გაბუნიას, სინდისი არ აქვს ნიკა გვარამიასაც.

 

ეს ორი უსინდისო ტიპიური ფარისევლები, ტიპიური სატანისტები არიან, რომლებიც თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად, თავგამოდებულნი ცდილობენ, საქართველოს გამოაცალონ ის საყრდენი, რომელზეც ეს ქვეყანა დგას.

 

„რუსთავი 2“-ის და მისი გენდირექტორის ბოლოდროინდელ მეტამორფოზებს რომ ვაკვირდები, სულ არ გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს ნიკა გვარამია ანაფორაში გადაცმული რომ გამოგვეცხადოს, თავზე სკიპტრით, მკერდზე ჯვრით, როგორც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი და მრევლის გადახარისხება რომ დაიწყოს ქრისტიანებად და არაქრისტიანებად.

 

თუ ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, გაბუნიაც გვერდით ეყოლება დიაკვნის რანგში, კვესიტაძე კი სათნოების განმასახიერებელ დედაოდ მოგვევლინება.

 

ისეთი დონის აფერისტები და ფარისევლები არიან ესენი, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

 

„გირჩის“ კვალდაკვალ, როგორც ჩანს, ნიკა გვარამიაც „რუსთავი 2“-ის ბაზაზე ახალ „რელიგიას“ ქმნის, უღმერთოების, ფარისევლების, უსინდისოების, ყველაფრის მკადრებლების „რელიგიას“, რომლის მთავარი მიზანი ახალი ადამიანის შექმნაა.

 

ნიკა გვარამია ქართველი ტროცკია, ქართველი ლეიბა ბრონშტეინია, ხოლო მისი ბელადი სააკაშვილი სიმაღლეში გაზრდილი ლენინი, რომელსაც არც დაუმალავს, რომ ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანას აპირებდა თავის ლაბორატორიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა.

 

ქართველი ერის ტრაგედია ის არის, რომ სააკაშვილი კი წავიდა ქვეყნიდან, მაგრამ ლაბორატორია, თავისი მომსახურე პერსონალით, ხელუხლებელი დარჩა.

 

სამწუხაროა, რომ ვერა და ვერ მოხერხდა ამ სიკვდილის ლაბორატორიის დემონტაჟი. ის დღემდე მთელი სიმძლავრით მუშაობს და ძველებურად ემსახურება ადამიანების ტვინების გამორეცხვას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner