logo_geo
eng_logo
„ზღაპარი სიყვარულისა“
- +

29 აპრილი. 2016. 11:35



ალექსანდრე ბასილაიამ
და ლუიზა კობალაძემ  50 წელიწადს იცხოვრეს ერთად -ოქროს ქორწილის აღნიშვნას აპირებდნენ .


ლუიზა კობალაძე: მეგონა, სადღაც, აქვეა გასული და მალე დაბრუნდება-თქო, მაგრამ ამ მოლოდინში უკვე 7 წელიწადი გავიდა. მაინც სულ ველოდები და... ისიც მოდის, მაგრამ - მხოლოდ სიზმარში. ყოველ ღამით მოდის. წუხელაც დამესიზმრა: ზუსტად ისეთი იყო, როგორც მაშინ, ერთად რომ ვიყავით.

სიყვარული 14 წლისამ ამიხსნა - თავისი ამხანაგი გამომიგზავნა ამის სათქმელად. პასპორტი რომ აიღო, კიდევ გამომიგზავნა ამხანაგი, პასპორტიც გამოატანა და შემომითვალა: ხელი მოვაწეროთ, მერე, მშობლებმა რომ არ ნახონ, პასპორტიდან ფურცელს ამოვხევ, მე კი მეცოდინება, რომ ლუიზა ჩემიაო.

 რამდენჯერ მეგობრებთან ერთად მჯდარა, მე ჩამივლია და ზედაც არ შემიხედავს. თურმე, ცრემლი წამოუვიდოდა ხოლმე ამ დროს და მისი მეგობრები ბრაზობდნენ: მაგას ვუჩვენებთ სეირსო.

პირველკურსელი ვიყავი, ჩუმად რომ მოვაწერეთ ხელი - მართალია, ბუთხუზი არასრულწლოვანი იყო, მაგრამ მმაჩის ბიუროში ჩავაწყვეთ". ის მაინც თავის ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა ყოველდღიურად ერთად ვიყავით. სამი თვის ფეხმძიმე რომ გავხდი, ბუთხუზმა დედამისს წერილი დაუტოვა და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. პატარა ჩემოდნით მოიტანა ორ-ორი კოვზი, დანა, ჩანგალი და კიდევ რამდენიმე საჭირო ნივთი. ერთ პატარა ოთახში საწოლიც ერთი გვედგა, მაგიდაც და სკამიც. 

დედამისს ძალიან არ უნდოდა ჩემი რძლობა, ფიქრობდა, ბუთხუზს მომავალი აღარ ექნება და დაიღუპებაო. მამაჩემმა ბუთხუზის ოჯახს გამოუცხადა, ჩემს შვილსაც და შვილიშვილსაც თვითონ მოვუვლიო. ამის შემდეგ ბუთხუზმა მითხრა, დედაჩემი ძალიან ცუდად არის, ფოთში უნდა წავიდე, მაგრამ 10 დღეში ჩამოვალო. ჩემთან ჩემი მშობლები და და დარჩნენ. 
მეათე დღეს ფანჯარასთან დავდექი, ჩაფიქრებული და... უცებ ბუთხუზმა შემოაღო ჭიშკარი. შემოსვლისთანავე მუხლებზე დაიჩოქა, - ცხოვრებაში არასდროს მიგატოვებო, - შემომფიცა და... დარჩა

ვაწყობდით კონცერტებს, ვმღეროდით, ბუთხუზი სიმღერებს წერდა... ჩემთვისაც ბევრი სიმღერა დაწერა, თუმცა არასდროს მეუბნებოდა, შენ გიძღვნიო, მაგრამ, რომ მომასმენინებდა და მეტყოდა, ჩვენ უნდა ვიმღეროთო, ვიცოდი, ჩემთვის იყო დაწერილი. მასმენინებდა და თან ორივენი ვტიროდით...

მახსოვს, მორის ფოცხიშვილმა თავისი საღამოს შემდეგ ბუთხუზს აჩუქა წიგნი, რომლის უკან ეწერა: მერე ყველაფერი ნელდება. მერე ყველაფერი ძნელდება. ვნება მდუმარებით დუნდება"... როგორც კი ბუთხუზმა ტექსტი წაიკითხა, იმ წამს როიალს მიუჯდა და რაღაც მელოდია დაუკრა, მერე მეც დამიძახა და წამში შექმნა არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელსაც ტექსტი არ ჰქონდა. მეორე დღესვე მიაკითხა ფოცხიშვილს და ასე დაიწერა: დღესვე უნდა გნახო, იცოდე, უნდა განმიახლო სიცოცხლე..." ამას მოჰყვა საოცარი სიმღერები, მიუზიკლები, გასტროლები, წარმატება და ყველგან ერთად ვიყავით - მე და ბუთხუზი. 

როცა ბუთხუზი
უგუნებოდ დაბრუნდებოდა შინ, აივანზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. ვერც ვუყურებ იმ ადგილს. უკვე მეშვიდედ აყვავდა ყველაფერი და ის კი აღარ არის... მის გარეშე ძალიან მიჭირს. 

ყოველთვის ვამბობდი, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი. ვუმეორებდი, ძალიან მინდა, ჯერ მე მოვკვდე-მეთქი, ის კი მეხუმრებოდა: რად გინდა, პირველი მოკვდე? მე რომ მოვკვდები, პანთეონში დამასაფლავებენ, მერე კი შენც ჩემ გვერდით აღმოჩნდები, პირიქით კი არასდროს მოხდება - შენ პანთეონში არავინ დაგასაფლავებსო. ვბრაზობდი: პანთეონი რად მინდა, უშენოდ ვერ გავძლებ-მეთქი.
მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა, მაგრამ დღემდე ცოცხალი ვარ...

უკანასკნელად რომ მიდიოდა გერმანიაში, კლეტჩატ საროჩკაში" ლამაზად გამოეწყო, პატარა ჩემოდანი ჩაალაგა, - მაინც მალე უნდა დავბრუნდეო, - და გაემგზავრა, მაგრამ... ძალიან განვიცდი, უკანასკნელ წუთებში მის გვერდით რომ არ ვიყავი. ნატაშამ რომ დამირეკა, - მორჩა, ბუთხუზი აღარ არისო, - წარმოგიდგენიათ? - არ გამისკდა გული! აქ რომ ჩამოასვენეს, არც მაშინ გამისკდა გული - ვერ დავიჯერე, რომ ცოცხალი აღარ იყო. 

დრო რა უეცრად გავიდა, რა უცებ გაიპარაო"

სიბერეში ძნელი ყოფილა მარტო დარჩენა...

შვილთაშვილებს რომ ვხედავ,
აღარც წნევა მახსოვს და არც, ზოგადად, ცუდად ყოფნა. მაგრამ... ბუთხუზის გარეშე მაინც ძალიან მიჭირს. ის ჩემთვის სიმაგრე იყო. ძალიან მიყვარს და მენატრება... ახლა მენატრება შენი ხმა, ახლა უნდა გითხრა: ჩემი ხარ!" რომ ამბობენ: დრო ყველაფრის მკურნალიაო, - არ არის მართალი. რა ვქნა? მე ვერ განვიკურნე..." - ამბობს ლუიზა კობალაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner