logo_geo
eng_logo
მარცხენა სანაპიროზე მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- +

6 აპრილი. 2018. 23:07

 

 

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

 

მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას საქმე შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

 

ადგილზე, სადაც ელექტროგადამცემ ანძაზე ასული მოქალაქე თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

 

მოქალაქე ანძიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გაშლილ ბატუტზე გადახტა. ის არ დაშავებულა, თუმცა მედიკოსებმა მას გამოკვლევები ჩაუტარეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ცნობილია, მას რაიმე სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოითხოვდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროგადამცემი ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც გაშალეს სპეციალური ბალიში, რათა მამაკაცის გადმოვარდნის შემთხვევაში უბედური შემთხვევის პრევენცია მომხდარიყო. მოლაპარაკებების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სპეციალურ ბალიშზე გადმოხტა, რის გამოც მან დაზიანებები არ მიიღო და მოათავსეს სასწრაფო დახმარების მანქანაში.

 

მიუხედავად მისი სურვილისა, მამაკაცმა მედიასთან გასაუბრება ვერ მოახერხა, რადგან სამართალდამცველებმა და ექიმებმა ამის საშუალება არ მისცეს და მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია კონკრეტული მიზეზი, თუ რაზე სურდა საუბარი მას ჟურნალისტებთან. ერთადეთი, რისი თქმაც მამაკაცმა მოახერხა, არის ის, რომ „იგი ქვეყანაში არსებულ სისტემას ებრძვის“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner