მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 7 აპრილს, თბილისის დროით 15.17 საათზე გადმოვიდა. აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 19 თებერვალს დაიწყო. აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.