პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ნელსონ მანდელა იყო სიმბოლო სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად.
ნელსონ მანდელა 1918 წლის 189 ივლისს სამხრეთაფრიკულ სოფელ მვეზოში დაიბადა.
მამამისი სოფლის მმართველი იყო, მაგრამ კოლონიურ ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო კუნუს პროვინციაში გადაასახლეს. მას 4 ცოლი ჰყავდა. ნელსონი მე-3 ცოლის, ნედაკამისგან შეეძინა და ჰოლილა დაარქვა, რაც ადგილობრივ დიალექტზე „ხიდან ჩამოვარდნილ ტოტს" ნიშნავს. ჰოლილა პირველი ბავშვი იყო ოჯახში, ვინც სკოლაში შეიყვანეს. მასწავლებელმა მას ინგლისური სახელი ნელსონი უწოდა.
9 წლის ასაკში ნელსონის მამა გარდაიცვალა და მისი მეურვე რეგენტ ჯონგინტაბა გახდა. 1937 წელს ის ფორტ-ბოფორტის მეთოდურ კოლეჯში ჩაირიცხა. პირველი კურსის დასრულებისას მანდელა მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ ბოიკოტში, რომელიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წინააღმდეგ იყო მიმართული, რის გამოც მას უნივერსიტეტი დატოვა.
1943 წელს ნელსონი ვიტვატერსრანდას უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა იურისტის დიპლომი ვერ მიიღო. ნელსონ მანდელა აქტიურად იღებდა მონაწილეობას საპროტესტო გამოსვლებში.
1956 წელს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 150-მდე ადამიანი, მათ შორის ნელსონ მანდელაც დააპატიმრეს. 1961 წელს გაათავისუფლეს. 1963 წელს ის კვლავ დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რაც სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებდა. სასამართლო პროცესზე ნელსონ მანდელა სიტყვით გამოვიდა, სადაც ახსნა, თუ რატომ გადავიდა მშვიდობიანი ბრძოლიდან ძალადობრივ მეთოდებზე.
„ჩემი ცხოვრება მე აფრიკული მოსახლეობისთვის ბრძოლას მივუძღვენი, მე ვიბრძოდი როგორც თეთრების, ისე ფერადკანიანების ბატონობის წინააღმდეგ, ვიბრძოდი დემოკრატიული საზოგადოების შექმნისთვის, სადაც ადამიანები ჰარმონიაში იცხოვრებდნენ და ექნებოდათ ერთნაირი შესაძლებლობები. ეს ის იდეალებია, რომლისთვისას მე ვცხოვრობდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, სიცოცხლესაც შევწირავ", - განაცხადა მანდელამ.
სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშვედ ცნო, თუმცა სასიკვდილო განაჩენი მუდმივი პატიმრობით შეუცვალეს.
ნელსონ მანდელა რობენის კუნძულზე საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც ინდივიდუალურ კამერაში 18 წელი გაატარა.
პატიმარი მანდელა დაუსწრებლად სწავლობდა პროგრამით ლონდონის უნივერსიტეტში და იურიდიული მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხიც აიღო.
1985 წელს პრეზიდენტმა პიტერ ბოტამ მანდელას ციხიდან გათავისუფლება შესთავაზა, მხოლოდ იმ პირობით, თუ პოლიტიკურ ბრძოლას ძალადობით აღარ აირჩევდა, მაგრამ მანდელამ პრეზიდენტის წინადადება არ მიიღო. 1990 წლის 11 თებერვალს მანდელა გაათავისუფლეს. ეს პროცესი პირდაპირი ეთერით მთელი მსოფლიოს მაშტაბით გადაეცა.
მალე ნელსონ მანდელამ საკუთარი პარტია შექმნა. 1993 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა.
1994 წლის 27 აპრილს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმის მიცემის უფლება ფერადკანიან უმრავლესობასაც მეცა. საპარლამენტო არჩევნებში მანდელას პარტიამ (62%) გაიმარჯვა, ნელსონ მანდელა კი სამხრეთ აფრიკის პირველი ფერადკანიანი ლიდერი გახდა. მანდელა პრეზიდენტის პოსტზე 1999 წლამდე იყო, ამ დროს მან ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გაატარა - უფასო სამედიცინო მომსახურება 6 წლამდე, 13%-ით გაიზარდა სოციალური დახმარება, გამოიცა კანონი მიწის რეფორმის შესახებ, განხორციელდა 500-ზე მეტი კლინიკის მშენებლობა, უფასო კვება დაწესდა 3,5 მილიონამდე მოსწავლეზე, გამოიცა კანონი მაღაროელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ.
პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ მანდელა, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო.
„გაითავისე, რომ გამბედაობა შიშის არარსებობა კი არა, მისი დამარცხებაა. მამაცია არა ის, ვისაც შიშის გრძნობა არ აქვს, არამედ ის, ვინც ამ გრძნობას დაამარცხებს".
ნელსონ მანდელამ თავის მოღვაწეობით უზარმაზარი კვალი დაამჩნია სამხრეთ აფრიკის და არა მარტო ამ ქვეყნის, საზოგადოებრივ ცხოვრებას. ბევრისთვის ის მაჰათმა განდის მსგავსი გმირია, რომელმაც საკუთარი ქვეყანა შეცვალა, არა ძალის გამოყენებით, არამედ სხვებისთვის მორალური მაგალითის მიცემით.