logo_geo
eng_logo
აღდგომა ქრისტესი
- +

8 აპრილი. 2018. 13:20

 

 

აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა.

 

ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.

 

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე.

 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.

 

იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.

 

ჯერ გათენებული არ იყო, როცა მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები საფლავთან მიდიოდნენ, რათა იესოს სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც დამარხვის დროს ვერ მოასწრეს. ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა როცა დაინახა გადაგორებული ლოდი და ცარიელი საფლავი, იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და მწარედ ატირდა.

 

მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა. ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა, მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა: „მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო. გაექანა, უნდოდა მუხლებზე მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა: “აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე მოციქულებს. მათ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი.

 

იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner