logo_geo
eng_logo
15 წლის ასაკში აღმოჩენილი ცხოვრების მიზანი და სარაგბო კარიერა საქართველოდან საფრანგეთამდე
- +

29 აპრილი. 2016. 12:31

                                           

 

დღევანდელ საქართველოში რაგბი ის ფენომენია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სიამაყით გვავსებს. ქართველმა მორაგბეებმა უკვე მრავალგზის დააამტკიცეს, რომ "რაგბი ჩვენი თამაშია".


გზა სავარჯიშო მოედნიდან გამარჯვების კვარცხლბეკამდე კი ძალიან რთული და შრომატევადია. 

 


დღეს მინდა გაგაცნოთ ქართული რაგბის ახალგაზრდა წარმომადგენელი, ნიჭიერი და საოცრად თავმდაბალი ადამიანი, გიორგი მარგველანი. 

 


გზა საქართველოდან საფრანგეთამდე და ქართული რაგბი საფრანგეთში.  22წლის გიორგი მარგველანი უკვე რამდენიმე თვეა  საფრანგეთის რაგბის კლუბ "აჟენში" თამაშობს. 

 


- ვინ არის გიორგი მარგველანი? საიდან მოდის და სად მიდის?

 


- გიორგი მარგველანი  არის ერთი  ჩვეულებრივი, არავისგან განსხვავებული ადამიანი და  მორაგბე. 

 


- როგორი ბავშვი იყავით? და როგორ დაასათაურებდით თქვენს ბავშვობას
?

 

 

- ჩემს ბავშვობას დავასათაურებდი, როგორც  ყველაზე საუკეთესო პერიოდს ჩემს ცხოვრებაში.  ძალიან ცელქი და მოუსვენარი  ვიყავი.  ყველაფერს ვაფუჭებდი. მახსოვს, 10 წლისამ ბიძაჩემს მანქანა მოვიპარე და მალევე დავეჯახე რაღაცას. ვფიქრობ, ეს ამბავი სულ მემახსოვრება, რადგან საკმაოდ მკაცრად დამსაჯეს. ერთი კვირა არაფრის უფლება   არ მქონდა, არც ბავშვებთან თამაშის და არც  ეზოში ჩასვლის. მხოლოდ ერთი უფლება დამიტოვეს და ისიც სწავლა იყო. (იცინის )  

 

 

- რაგბი თქვენს ცხოვრებაში...  გზა  საქართველოდან საფრანგეთამდე..  როგორ ფიქრობთ,  რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი?

 


- რაგბის თამაში 2009 წელს, 15 წლის ასაკში დავიწყე.  მეგობრების დაჟინებული თხოვნით, მივედი რაგბის კლუბ "ივერიაში", ბატონ მიხეილ ჩაჩუასთან, რომელსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მცირე დროში  ასე შემაყვარა ეს სპორტი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ თავს მხოლოდ რაგბიში  ვხედავდი. შემდეგ იყო ახალგაზრდული ნაკრებები და ინტერესი ჩემ მიმართ საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებიდან. 

 


2012 წელს გადავედი რაგბის კლუბ "არმაზში" , სადაც  ორი წლის განმავლობაში ვითამაშე.  იქ ყოფნის პერიოდში,  ფრანგული კლუბი "ტულუზა"  დაინტერესდა ჩემით, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე პრობლემები შეიქმნა,  რის გამოც უგუნდოდ დავრჩი. ორი დღის შემდეგ, საბედნიეროდ,  დაგვიკავშირდა ასევე ფრანგული კლუბი  "აჟენი". ცოტა ხანში ჩამოვედი საფრანგეთში, გავიარე სატესტო ეტაპი  და ერთწლიანი კონტრაქტიც  გავაფორმე  მათთან . 

 


ძალიან მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კლუბ ,,არმაზის", თითოეულ წევრს იმისთვის, რომ ყველანაირი პირობა შემიქმნეს, რათა აქ ჩამოვსულიყავი და გამეგრძელებინა  სპორტული კარიერა.

 


- 22 წლის ასაკში, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეთ და ალბათ ბევრი ინატრებდა თქვენს ადგილას ყოფნას. რა სირთულეებთანაა დაკავშირებული  ახდენლი ოცნება?

 


- ვთვლი, რომ პროფესიონალი მორაგბის კარიერაში, რასაც აქამდე მივაღწიე,  მხოლოდ 20% -ია, რადგან პროფესიონალური კარიერა  რაგბიში 22 წლიდან იწყება. ასე რომ, ყველაფერი წინ მაქვს. იმასაც ვაცნობიერებ,  რომ ძალიან რთული წლები მელოდება და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. უბრალოდ  მთავარია  შრომა და მოთმინება. ერთი სიტყვით,  მზად  ვარ ყველაფრისთვის. რაც შეეხება სირთულეებს, ახდენილ ოცნებასთან ერთად, რა თქმა უნდა არის, ამის გარეშე წარმოუდგენელიცაა. ძალიან  გამიჭირდა გარემოს შეცვლა. მიჭირს ოჯახის, ახლობლების და მეგობრების გარეშე ყოფნა,  მაგრამ უკვე მივეჩვიე და ყველაფერი დალაგდა. მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები გიორგი თეთრაშვილის და თაზო მჭედლიძის, ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო გიორგი ჟღენტს, რეზი ჟღენტს და მარია ფაუნდეზს,  ამ ადამიანებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ მე აქ, საფრანგეთში მეთამაშა. 

 


- აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს პირად ცხოვრებაზეც, ალბათ ბევრ ქართველ გოგონას დაწყდა გული თქვენი საფრანგეთში წასვლის გამო, დაველოდოთ თუ არა თბილისში ფრანგ საპატარძლოს?

 


- არ მგონია, ვინმეს გული დაწყდომოდა ჩემი საფრანგეთში წასვლის გამო, ისე კი, რაც შეეხება ფრანგ საპატარძლოს, არ დაელოდოთ. ჩემი მეორე ნახევარი აუცილებლად ქართველი იქნება. 

 


- როგორია გიორგი მარგველანისთვის იდეალური ქალი და  შეგხვედრიათ თუ არა?

 


- პირველ რიგში, აუცილებელია  განათლება  და იუმორის გრძნობა. სასურველია, ფიზიკურად ლამაზი და მომხიბვლელი იყოს. დანარჩენი თავისით მოვა. ასეთი ქალი კი  ჯერ არ შემხვედრია.  ერთი  წელია თითქმის რაც  აქ ვარ, უამრავი ფრანგი გოგო გავიცანი და დანამდვილებით ვიცი, რომ ფრანგი არ იქნება ჩემი მეორე ნახევარი. 

 


- მეგობრობა, გჯერათ თუ არა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის? და როგორი მეგობარია გიორგი მარგველანი? 

 


- მეგობრობა ალბათ ყველაფერია ცხოვრებაში,  რადგან მე პირადად  მეგობრების გარეშე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე. რა თქმა უნდა მჯერა  ქალისა და მამაკაცის მეგობრობის, იმიტომ რომ  მყავს  ძალიან ბევრი  ახლო მეგობარი გოგო. რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი... ალბათ კეთილი, ერთგული და საყვარელი მეგობარი ვარ. 

 


- როდის გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 


- ზაფხულში ვაპირებ, ერთი თვით ჩამოსვლას. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ყველაფერი რაგბს და ჩემს კარიერას უკავშირდება. ერთი რაც დაზუსტებით ვიცი, კიდევ ერთი წელი ვითამაშებ კლუბ "აჟენში".

 


- რას ურჩევდით დამწყებ მორაგბეებს? 

 


- როგორც მორაგბე,  დამწყებ პატარა მორაგბეებს ვეტყვი,  რომ   დაუღალავი შრომა, თავდადება და მოთმინება აუცილებლად მოიტანს შედეგს.
- და ბოლოს დაამთავრეთ წინადადება, მე მიყვარს...

 


- ... მე მიყვარს  რაგბი! რაგბი ჩვენი თამაშია!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner