ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:
„მისი „აბეზარა“ და „ჭრიჭინა“ ყოველთვის იწვევდა სიცოცხლის ხალასს, პოზიტიურ განწყობას, ხოლო მათე ბიჭის როლის შესრულებამ გადაფარა მისი ყველა როლი და უდიდეს პატრიოტთა სიმბოლოდ იქცა... და მართლაც ასე ვინ ითამაშებდა მამაკაცის როლის განსახიერებას, რომელიც გმირად უნდა ქცეულიყო?! ცხადია სწორედ ლეილა აბაშიძე, რადგანაც ცხოვრებაშიც ღირსეული მამულიშვილი იყო, დიდი თანამდგომი ეროვნული მოძრაობის...
ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო და მისაბაძი იქნება „მაია წყნეთელში“ კრწანისის ბრძოლის დროს მათე ბიჭის წამოძახილი: დღეს ეს ციხე-კოშკი საქართველოა!
გული დამწყდა მისი გარდაცვალების გამო, კინომატოგრაფიამ დიდი ვარსკვლავი დაკარგა!
მსუბუქი იყოს მისთვის სამშობლოს მიწა...“ - წერს შონია.
ცნობილ ქართველ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ. პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში, ფალიაშვილის ქუჩის 33 ნომერში 10 და 11 აპრილს გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი კი 12 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, აბაშიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია ხვალ მიიღებს.
ლეილა აბაშიძე გუშინ გარდაიცვალა.