logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ნუ გეშინიათ ბაბუ!
- +

9 აპრილი. 2018. 22:26

 

დიდი მადლობა ყველას!

 

ამ ქვეყანასავით თბილი და სანუკვარია ყველა ის სურვილი და მოლოცვა, ამ დღეებში რომ მივიღე თქვენგან, ძვირფასებო!

 

64 წელი ვითომ ცოტა არ არის, მარა „ჯარისკაცის მამის“ არ იყოს, რომელ ასაკზეა ლაპარაკი, როცა იოლად ჩადიხარ ფეხით მცხეთამდე, მარა მთავარი შემორჩენილი ენერგია კი არა, მაინც ის ყოფილა, დარჩენილი „დასახარჯის“ რეალიზაცია რომ გვიჭირს, მეც და სხვასაც, ჩემნაირს!

 

ბოლომდე დახარჯვის დრო დამდგარა!

 

წუწუნი სხვისი მეზარება, მარა ფიქრი არ დამზარებია არასდროს, მით უფრო ახლა.

 

საფიქრალი და სადარდებელი არასოდეს გამოლევია ადამიანს და განსაკუთრებით ქართველებს - დღეს!

 

მეც ვზივარ და ვფიქრობ!

 

გენიოსის ტვინი არ უნდა მარტივ დასკვნამდე მისვლას!

 

იმას, რომ მხოლოდ ჩემი თაობის (და არავისი სხვისი) გადასაწყვეტი და გადასაჭრელია ის, რასაც საღად მოაზროვნე ბაბუების სიყვარული ჭირდება და ამის გარეშე, უბრალოდ ვერავინ ვერაფერს შეძლებს!

 

ასეა! მხოლოდ „ჩემი დასახარჯის“ ხარჯზე შეიძლება იმის შველა, რაც გარეგნულად იქნებ უიმედოდაც კი გამოიყურება!

 

გნებავთ, ლირიკაში ჩამითვალეთ და..

 

ქართული კაკალი ერთი, ადამიანურად გასაოცარი თვისების გამოა უკვდავი: - სიბერისგან გამოფიტულმა წაქცევა იცის, მაგრამ წაქცევამდე, უთუოდ ახალი ყლორტი უნდა ამოვიდეს მის ფესვზე!

 

მთავარი იცით რა არის? რა და, ბებერი კაკლის ხე ქარშიც არასოდეს წაქცეულა ახლად ამოსული ნერგის მხარეს!

 

ხე კი არა, კაციც ინატრებდა ასე ლამაზად სიკვდილს!

 

დიდი ადამიანური ტკივილი მოდის მაშინ, როცა დღეში ცხრაჯერ გესმის, რომ შეკრულები არიან „ესენი“ და „ისინი“; რომ პოლიტიკოსებიდან ზოგი გაღმელისაა და ზოგი გამოღმელის; 2800 არასამთავრობოც გაღმა-გამოღმიდან ფინანსდება არასაჩვენოდ; რომ იმ „გაღმიდან“ ზოგი თითის ქნევით გვემუქრება და ზოგიც „თვალიას ჩაკვრით“ „გვეპოლიტიკურფლირტავება“; როცა სახელმწიფო სტრუქტურები ოჯახის შესანახი სარფიანი „ცეხებია“; განათლება აშკარად ზედმეტი ბარგია; ფულზე გაყიდულ მედიას სამშოლოს და სახელმწიფოს ხსენებაზე ირონიულად ეღიმება; როცა ბოზები მორალს გიკითხავენ და ვიღაცის გუშინდელი „შნირები“ კაცობაზე გიკითხავენ ლექციას; როცა ნარკომაფია და სექსუალური აღვირახსნილობა საკუთარი იდეოლოგიის ლეგალიზაციით იმუქრებიან; როცა „უფლებადასაცავი“ ადამიანების კასტაში მხოლოდ საეჭვო ადამიანური ორიენტაციის, ინტელექტის, ფსიქიკისა და აზროვნების სოციალური ჯგუფები "მოიაზრებიან" და რა გამოდის, მაშინ?

 

ჰო, რა გამოდის? ის, რომ ჩვენს მერე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა და ამ ანგელოზივით შთამომავლობის, ამ უმწეო და უსუსური პატარების მომავალი და მათი მოსალოდნელი, ხვალინდელი ცხოვრების წესი სულერთია ჩვენთვის?!

 

ანკი, რა უნდა ქნან, უზნეობის ოკეანეში უკომპასო ნავივით დარჩენილებმა?!

 

მურვან ყრუსგან დატრიალებულ ცოდვაზე და „სტამბულის მონათა ბაზარზე“ ბევრად მეტია და საშინელი ის მოსალოდნელი სულიერი და ზნეობრივი ტრაგედია, რომლითაც ჩვენს მოფერება-სიყვარულზე ბოლომდე მონდობილ, ამ პატარა არსებებს ემუქრებიან, თუ მათმა პატრონებმა აკვიატებული „...მე რა ვქნა“ და „მე რა შემიძლია..." დროზე არ მოვიშალეთ!

 

ჩვენი საფიქრალია ეს, თორემ იქური ჯოჯოხეთიც სანატრელი გაგვიხდება, თუ მანამდე აქ არ მოგვისწრო განრისხებული ღვთისგან მოვლენილმა, ახალმა სოდომმა და გომორამ!

 

ამაზე ვფიქრობ და ისიც ხომ ცხადია, რომ მე ჩემს იოანეს ვერ ვუღალატებ!

 

ვის ვუღალატო?! - იმას, ვინც ოთახში ფეხის მსუბუქად წამოკვრის დროსაც კი თავისი ბაბუსგან საშველად გაწვდილი ხელის იმედზეა?

 

ხომ არ გავიხსენოთ ბაბუებო, ატლანტის ოკეანემდე მისული მონღოლები აქ, ჩვენმა წინაპრებმა, ხარაგაულამდეც რომ არ მიუშვეს?!

 

ერთი და მთავარი კი მეიმედება!

 

როგორც ნერგის მხარეს წაქცეული ბებერი ქართული კაკალი, ასევე, შვილიშვილის მოღალატე ბაბუაც არავის გაუგონია, ჯერ!

 

დღეს ყველა ბაბუას ჩემსავით ტკივა!

 

დღეს ყველა ბაბუა ჩემსავით ფიქრობს და განიცდის!

 

თქვენი ბაბუები იმ კაკლის ხეზე უფრო ლამაზად წავიქცევით, როცა წავიქცევით!

 

ჰოდა, ნუ გეშინიათ ბაბუ!

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner