„ღმერთმა ინებოს, რომ აღდგეს საქართველო, აღდგეს ქვეყანა, აღდგეს სიკეთე, აღდგეს ჭეშმარიტი სარწმუნოება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგიის დასასრულს განაცხადა, როცა მორწმუნეებს მიმართა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ, ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ აღდგეს საქართველო, აღდგეს ქვეყანა, აღდგეს სიკეთე, აღდგეს ჭეშმარიტი სარწმუნოება.
მახსენდება ერთი ისტორია, ეს იყო კომუნისტური რეჟიმის პირველი წლები. კომუნისტები აწყობდნენ მორწმუნე ადამიანებთან დისპუტებს და იყო შემთხვევა, როცა კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება აღარ არის საჭირო და მთელი ერთი საათი ლაპარაკობდა ის ადამიანი სარწმუნოების წინააღმდეგ. შემდეგ გამოვიდა მღვდელი, იყო აღდგომის დღესასწაული და მიმართა ხალხს, ქრისტე აღსდგაო და მთელმა ხალხმა უპასუხა, ჭეშმარიტად აღსდგაო. თუ თქვენ გწამთ, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა, მაშინ რაღა უნდა ვიდაოთ, სადავო არაფერი არ გვაქვსო…
სარწმუნოებამ გადაარჩინა საქართველო, გადაარჩინა სული, გონება, კულტურა და ჩვენ ვმადლობთ ჩვენ წინაპრებს, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი ეს საუნჯე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს“, – აღნიშნა პატრიარქმა.