logo_geo
eng_logo
მარი ნანა მახარაძე: 9 აპრილი - ეს ის თარიღია, რომელიც ჩემს ცხოვრებას ორად ყოფს!
- +

10 აპრილი. 2018. 02:26

 

9 აპრილის გმირი გოგონა მარი ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„9 აპრილი - ეს ის თარიღია, რომელიც ჩემს ცხოვრებას ორად ყოფს!

 

ვინ იყო?-იყო წარჩინებული, სამაგალითო და ბედნიერი გოგონა, რომელსაც ყველაფრის მოსწრება ერთდროულად სურდა. გაფართოებული თვალებით შესცქეროდა სამყაროს და მზად იყო არაფერი გამორჩენოდა.

 

მას შეეძლო კაკი ბაქრაძის ლექციიდან, არანორმალურად დამუხტულს ,თეატრალურ ინსტიტუტში პანკჯგუფის რეპეტიციაზე გადაენაცვლა, იქედან კინო ,,რუსთაველში,, კომედიისთვის ეყურებინა და სახლში დაბრუნებულს ფილმის გმირივით ხუთჯერ გაეხვრიტა ყური, მერე გურული მამიდის კივილისთვის „როიის ცააა“- ესმინა გაუთავებელი ხარხარით თავისივე ხუმრობაზე, რომ ყური საკერავი მანქანის ქვეშ მოყვა...

 

გაუთავებლად ესეირნა რუსთაველზე, ათასჯერ ასულიყო მთაწმინდაზე და ზუსტად ცოდნოდა, იმ ქვაფენილზე დააბიჯებდა, სადაც ლეგენდები და ბუმბერაზი ადამიანების ნაკვალევი იყო...

 

ასე იყო დიახ, თითქოს არაფერი არ ხდებოდა ჩვეულებრივი... ან როგორ უნდა მომხდარიყო, როცა წამიერად იცვლებოდა ცხოვრება და ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ მას, მისნაირებს, მის თანატოლებს, იმ ,,კევიღეჭია“ და ,,მზესუმზირაჭამია“ თაობას მიეცა- საშუალება, პატივი, შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახათ, ეგრძნოთ, პასუხისმგებლობა აეღოთ, ეამაყათ, მდგარიყვნენ ცოცხალი ლეგენდების გვერდზე და მოეპოვებინათ,ყ ველაზე ღირებული ნებისმიერი ქვეყნისთვის -თავისუფლება!

 

მერე რა იყო?- მერე იყო ყველაფერი ერთად, ტკივილი, სიკვდილი, უსუნო ტიტები, ლექსებით გადაპენტილი ჭადრები, ერთ ღამეში გაზრდილი და დაკაცებული თაობა. იყო სურვილი და მიზანი მეტი განათლების და შენების...

 

................

 

9 აპრილის ფოტოს გამოქვეყნებიდან, დაუსრულებლად მირეკავდა დედა... „ჩამოდი, დამენახე და წადიო“ უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არაფერი მჭირდა.

 

ჩავედი, დავენახე... მეფერებოდა, ჩვენი სახლის წინ ზღვის სანაპიროზე „სკალებზე“ ვისხედით. არაფერს მეკითხებოდა იმ სისხლიან ღამესთან დაკავშირებით, სულ მიმეორებდა ,,იცოდე წესიერად მოიქეცი, ბიძაშენს დაუჯერე, არ შემარცხვინო“ მე კი გავყურებდი თვალებმოჭუტული ზღვას და ჩემთვის ვფიქრობდი -,,კაი რა დედა, შენ რა იცი რეები ხდება, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია ,ჩვენ მსოფლიოს შევცვლით“... ეს ბოლო შეხვედრა იყო დედასთან, ბოლო დარიგება და მოფერება. ზუსტად ოცი დღის შემდეგ, ლიტონიობის ღამეს გარდაიცვალა... ინერვიულაო ასე მითხრეს... მე თავს დამნაშავედ ვერ ვგრძნობდი, უბრალოდ დედა მინდოდა მყოლოდა და გავიბუტე...

 

...............

 

მერე ისევ გავიდა დრო... ბევრი, ბევრი დრო. ეხლა ვიცი რომ საოცარი ქვეყანაა ჩემი სამშობლო. ეს ის ადგილია სადაც არ უკვირთ გმირობა, ეს ის მიწაა სადაც ამაყები არიან გმირებით, ეს ის ადგილია, სადაც გუშინაც დაიტირეს გმირი, ის ქვეყანაა, სადაც ხვალაც იბადება გმირი!

 

ამიტომაც შევძლოთ ვიყოთ ღირსები და ღირსეულები“, - წერს მარი ნანა მახარაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner