logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: წადი, ძმაო, შენ იომე უკეთესად და შენ დაუბრუნე ქვეყანას დაკარგული მიწები!..
- +

10 აპრილი. 2018. 18:33

 

„თუ ჩვენი ერი ღირსეულთა დაფასების უნარს არ გამოწვრთნის საკუთარ თავში, მარადიულად აქტუალური იქნება ვაჟა-ფშაველას სინანულით ნათქვამი სიტყვა სააკაძის სურათზედ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წარმოვიდგინოთ, რას განიცდიდა გიორგი სააკაძე მარტყოფის ბრძოლის წინ. მტერს 30 000-იანი ჯარი ჰყავს. სააკაძე სულ 5 მეომრით უნდა შეიჭრას მტრის ბანაკში, გაანადგუროს სარდლობა და შემდგომ - ეს მრავალათასიანი ჯარი. ყიზილბაშთა სარდლობის კარავი დაცულია რამდენიმე ალყით, გარე პერიმეტრზე ჯარისკაცები დგანან, შიდა პერიმეტრზე- სარდლობის პირადი დაცვა. სააკაძემ და მისმა 5 მეომარმა ეს რამდენიმე ალყა უჩუმრად, უდანაკარგოდ უნდა გაიაროს და ყიზილბაშების სარდლობას თავები დააყრევინოს. გამოუვა ეს გიორგი სააკაძეს, თუ არ გამოუვა? მოახერხებს მისი სტრატეგიის ხორცშესხმას, თუ ვერა? მარტყოფის ბრძოლის წინ სააკაძე, ერთის მხრივ, დიდი თავგანწირვისთვის, ხოლო, მეორეს მხრივ, პირადი მსხვერპლის გაღებისთვის ემზადება. მისი შვილი, პაატა, მძევლად ჰყავს შაჰს. სააკაძემ (ისევე, როგორც მთელმა საქართველომ) უკვე იცის, როგორც აწამეს ისპაჰანში ქეთევან დედოფალი და მისი შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ ხედავს პაატას ბედს. საქართველოსთვის წირავს პაატას, ჯერ გონებრივად წირავს, შემდეგ- პრაქტიკულად. ამავდროულად, მეორე შვილის, ავთანდილის შესაძლო სიკვდილსაც ეგუება, თუ მარტყოფი წაგებით დასრულდება. ავთანდილი სააკაძეს მარტყოფში თან ახლავს. ჰოდა, მიდის გიორგი სააკაძე წინ... მან არ იცის, როგორ დასრულდება მარტყოფი, მაგრამ გამარჯვებისთვის უკვე განწირული ჰყავს პაატაც, ავთანდილიც და საკუთარი თავიც. ესაა ზუსტად სამშობლოსათვის თავგანწირვა. რამდენი ჩვენგანი შეძლებდა ასეთი მსხვერპლის გაღებას სამშობლოსათვის? ხალხი სამზარეულოში ზის, ხელიდან ყავის ჭიქას არ უშვებს და 21-ე საუკუნის ამ სამზარეულოდანაც სააკაძეს აკრიტიკებს. დღესაც, ამდენი საუკუნის მერე... კაცმა ქართველი ერი ფიზიკურად გადაარჩინა, საქართველო, როგორც ქვეყანა, ფიზიკურად შეგვინარჩუნა, იბრძოლა, იომა, სამშობლოსათვის დაიხარჯა, შვილი გაწირა, შვილი... და ჩვენ „ფეისბუქიდან“ ვეკამათებით, ეს რატომ განიზრახე და ის რატომ აღასრულეო. წადი, ძმაო, შენ იომე უკეთესად და შენ დაუბრუნე ქვეყანას დაკარგული მიწები, სააკაძეს რას ეკამათები?

 

თუ ჩვენი ერი ღირსეულთა დაფასების უნარს არ გამოწვრთნის საკუთარ თავში, მარადიულად აქტუალური იქნება ვაჟა-ფშაველას სინანულით ნათქვამი სიტყვა სააკაძის სურათზედ“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner