logo_geo
eng_logo
ცისანა სეფიაშვილი: ურთიერთობებში სუფთა ვარ და სხვებისგანაც იმავეს ველი
- +

29 აპრილი. 2016. 16:38



მომღერალ ცისანა სეფიაშვილის პირადი ცხოვრება ბევრი ლამაზი ეპიზოდით არის სავსე, თუმცა არც გულისტკენის, დაბრკოლებების, წყენის გარეშე ყოფილა. ოცნებები რომ სრულდება, პირველად მაშინ ირწმუნა, როცა მის ფანჯრებთან ვერტმფრენი მიფრინდა და ყვავილების წვიმა წამოვიდა. ეს რომანტიკა ბავშვობაში დარჩა. მერე იყო სხვა ლამაზი ურთიერთობა, ქორწინება და პირველი შვილი.


მისი და სოსო ზაქარეიშვილის სიყვარულის ისტორია კი მეგობრობით დაიწყო. მან გადაატანინა პირველი ოჯახის დანგრევით გამოწვეული სევდა. დღეს ისინი სამი საერთო შვილის მშობლები არიან. ნაბოლარა გოგონა ორი წლის წინ გაუჩნდათ.


- ცისანა, როგორ გახსენდებათ ბავშვობა? კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ერთადერთ ქალიშვილს ალბათ ძალიან გათამამებდნენ ოჯახში.

 

- ჩემი ბავშვობა ბრჭყვიალა ფერებში ჩანს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მშობლები მკაცრები არ იყვნენ, მით უმეტეს, მამა. მისი ერთი გამოხედვა ჩემთვის საკმარისი იყო. ჩვენ ცალკე სამყარო გვქონდა, რომელიც მისი სიმკაცრის მიღმა არსებობდა. არ მეგულება ასეთი მამაშვილობა.


- რა ბავშვური გატაცებები გქონდათ?

 

- დავდიოდი ტანვარჯიშზე, ბალეტზე, ცეკვაზე. ყველაზე ბედნიერი წლები ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ბავშვთა გუნდში გავატარე. ჩვენი ხელმძღვანელები ზურა და ლალი სიხარულიძეები იყვნენ, მათ შორის მაკა ჩიჩუაც მღეროდა.


- საქართველოს პირველ ლედისთან დღესაც გაქვთ ურთიერთობა?

 

- ახლო მეგობრები არ ვართ. მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენი ბავშვობა სასიამოვნოდ გვახსენდება.


მაკა აკადემიაში სწავლობდა, ჩემს დეიდაშვილთან მეგობრობდა, რომელიც გარდაიცვალა. ის წლები ტკივილით გვახსენდება.


- ზემოთ ახსენეთ, მამის ერთი გამოხედვა საკმარისი იყოო. ასეთ გამოხედვას როდის იმსახურებდით?

 

- ჩემი და მამაჩემის ურთიერთობა მაშინ გართულდა, როდესაც მეუღლეს გავშორდი. იმ დროს 25 წლის ვიყავი. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი და მამის კონფლიქტები.


- მამა თქვენი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი იყო?

 

- მამას არასდროს უთქვამს, რადგან გათხოვდი, ბოლომდე მის გვერდით უნდა იყო და ითმინოო. პირველად რომ გავთხოვდი, მითხრა, ხუთჯერ რომ გათხოვდე, მეექვსედ ჩემი ხელით გაგათხოვებ, ვიდრე ბედნიერი არ იქნები, არასოდეს იყო იქ, სადაც ბედნიერი არ ხარ, ცხოვრება ხანმოკლეა და ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს გვერდით, რომელსაც ძალიან ეყვარები და მასთან ერთად გათენებული ყოველი დღე შენთვის ზეიმი იქნებაო.


მთელი ცხოვრება მის ამ რჩევა-დარიგებას მივყვები. შვილების გამო ოჯახის შენარჩუნება კარგია, მაგრამ როდესაც რაღაც შესანარჩუნებელია, არაფერს აქვს აზრი. არც ერთ შვილს სჭირდება უბედური დედა და ოჯახში დაძაბულობის ყურება.


ჩემმა შვილებმა ჯანსაღ ურთიერთობებს უნდა უყურონ, სადაც დედ-მამას ერთმანეთი უყვართ. ისიც უნდა იცოდნენ, რომ ჩხუბი ჯანსაღი პროცესის ნაწილია, რომელსაც შერიგება მოჰყვება.


მამასთან კონფლიქტი იმიტომ არ დაწყებულა, რომ მეუღლეს გავშორდი.


- აბა, რაში ვერ გიგებდათ?

 

- ყოველდღე სახლიდან გასვლა არ შეიძლებოდა, ასევე არ შეიძლებოდა, ქალი 12 საათზე ქუჩაში ყოფილიყო. ხუმრობს, ორჯერ გაგიშვი სახლიდან და ორჯერვე გათხოვდი, ყოვლდღე რომ გამეშვი, მაშინ რამდენჯერ გათხოვდებოდი, კაცმა არ იცისო. მე კი ვეხუმრები, თავისუფლება მოგეცა ჩემთვის და არცერთხელ არ გავთხოვდებოდი-მეთქი.


- პირველი ქორწინების ისტორია როგორია?

 

- პირველად 19 წლისა გავთხოვდი, რაც ჩემმა მშობლებმა მძიმედ გადაიტანეს. მანამდე 17 წლის ვთხოვდებოდი, ფაქტობრივად ქორწილისთვის მზადება მიდიოდა. ჩემმა მშობლებმა იფიქრეს, უარი რომ ვთქვათ, გაიპარებაო და თავისუფლება მომცეს.


ამ სამზადისის დროს მივხვდი, რომ სწორ არჩევანს არ ვაკეთებდი, მაგრამ ამის თქმის შემეშინდა. ვფიქრობდი, ხალხი, მამაჩემი რას იტყვის-მეთქი. ლიზა ბაგრატიონმა შეიტყო ჩემი და ჩემი შეყვარებულის კონფლიქტის შესახებ და დედაჩემს უთხრა, მგონი, ცისანას აღარ უნდა და ვერ გეუბნებათო. დედამ მითხრა, მე და მამაშენი ბედნიერები ვიქნებით, გათხოვებას თუ გადაიფიქრებო.


შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ლამაზი ფაქტი მოხდა. იმ ადამიანმა, ვისაც ცოლად მივყვებოდი, ოცნება ამისრულა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მე-16 სართულზე ვერტმფრენით ვინმე მოფრენილიყო, კიბე ჩამოეშვა და გავყოლოდი. ერთ დღეს ვერტმფრენის ხმა შემომესმა, ფანჯარასთან მისულმა დავინახე, ზემოდან როგორ იყრებოდა ყვავილები. ეს ყველაფერი 1991 წელს მოხდა. ამის დანახვაზე მეც და მამასაც ცრემლები წამოგვივიდა.


ამ ადამიანმა შეძლო ჩემი ოცნების ასრულება, თუმცაღა უკვე გვიანი იყო. გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ არ ვიქნებოდი იმის გვერდით, ვინც ასეთი ოცნება ამისრულა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ბიჭი ჩემი ბედი არ იყო. ამ ფაქტიდან ერთ წელში სხვაზე გავთხოვდი.


- თქვენი მომავალი ქმარი როგორ გაიცანით?

 

- მისთვის ორკაპიკიანი გამომირთმევია და თურმე მას შემდეგ მეძებდა. ერთხელაც ტელევიზიით მნახა, მაშინ „მეორე არხზე" ვმუშაობდი. დაუმეგობრდა სერგი გვარჯალაძეს, ჩვენს სხვა თანამშრომლებს და მათთვის უთქვამს, მე რომ გოგო მიყვარს, ფანჯარასთან ვერტმფრენი მიუფრინდაო. ესენი გაოცებულან, ჯაბა იოსელიანს უყვარს, კიტოვანს თუ ვინმე „ლიოტჩიკსო".


ერთხელაც გადაღებაზე წასასვლელად ვემზადებოდით და მანქანა გაგვიფუჭდა. უცებ ვიღაც ღვთისნიერი მოვიდა და გვითხრა, მე წაგიყვანთო და თან მიკროფონიც მიყიდა. დიდი გაკვირვება რომ შემატყო, მითხრა, თქვენ კი არა, ტელევიზიას ვუყიდეო. სამი დღე ამ ბიჭმა გვატარა გადაღებებზე.


- ამ სამ დღეში თქვენც გაგიჩნდათ სიმპათია?

 

- ვამბობდი, კარგი ადამიანია-მეთქი და რატომღაც ჩვენი ოპერატორის მეგობრად ჩავთვალე. უცებ გადაწყდა, რომ სამსახურიდან საბერძნეთში მივდიოდით გადაღებაზე. აღმოჩნდა, რომ ჩემი მომავალი მეუღლე, კოკა წერეთელი და მისი მეგობრები ჩვენთან ერთად მოდიოდნენ.


საბერძნეთში მივხვდი, რომ კოკას ჩემს მიმართ სიმპათიები ჰქონდა და საკუთარ თავშიც აღმოვაჩინე, რომ ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი. ცოტა ხანში გავიგე, რომ ეს ყველაფერი სწორედ კოკას ორგანიზებით მოეწყო, რომ ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი და განვმარტოებულიყავით. იქიდან რომ ჩამოვედით, ძალიან მალე ცოლობა შემომთავაზა და დავთანხმდი.


- ლამაზი და ორიგინალური სიყვარულის ისტორია განშორებით რატომ დამთავრდა?

 

- კოკა კარგი ადამიანია. არ ვიცი, რატომ გავშორდით, რაღაცნაირად ვერ შედგა ჩვენი ურთიერთობა. არ ვიცი, რა მოხდა, რაღაც გაცვდა. მას არაფერი დაუშავებია ჩემთვის. მივხვდი, რომ მეგობრულად მიყვარდა, მეგობართან ცხოვრება კი არ მინდოდა, დიდი სიყვარული მსურდა.


კოკა ისე მიყვარს, როგორც მეგობარი, მისი იმედი სულ მაქვს. რაშიც უნდა დავჭირდე, აუცილებლად გვერდით დავუდგები.


- მარტოხელა დედის სტატუსი არ გაშინებდათ?

 

- ეს განცდა არ მქონია. ჩემი და კოკას თანაცხოვრების ბოლო წელიწად-ნახევარი გაშორება მინდოდა, ვგრძნობდი, რომ სიყვარული აღარ იყო. იმდენად დიდი სურვილი მქონდა, ჩემს შვილთან ერთად მარტო ვყოფილიყავი, როცა ეს მოხდა, შვებაც კი ვიგრძენი.


დიდხანს არ ვამჟღავნებდი, რომ გაშორება მინდოდა, პირველ რიგში, შვილზე ვფიქრობდი და თან არ მინდოდა, კოკასთვის გული მეტკინა. განქორწინებამდე ორი წლით ადრე ვუთხარი, რომ აღარ მიყვარდა, არაფერი დამიმალავს. მითხრა, ამ პერიოდს გადავლახავთ, ალბათ დაღლილი ხარ და გადაგივლისო, მაგრამ ვიცოდი, რომ არასდროს გადამივლიდა. ასე დასრულდა ჩვენი ურთიერთობა.


ქმართან გაშორების შემდეგ მალე გავიცანი ადამიანი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ ასევე წლები მეძებდა.


- თქვენს ქმარს, სოსო ზაქარეიშვილს, გულისხმობთ?

 

- დიახ. ჩემი და სოსოს ქორწინება ისე სწრაფად მოხდა, ჭორებიც კი დადიოდა, რომ პირველ ქმართან ცხოვრების დროს მე უკვე მასთან მქონდა ურთიერთობა, რაც ტყუილია.


კოკას რომ გავშორდი, მოსკოვიდან თბილისში წამოვედი, მამა იმ პერიოდში მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, კულტურის საკითხებში უფროსი მრჩეველი იყო, მაგრამ „უზნეო" შვილს ერთ თვეში ისიც ჩამომყვა.


სახლში რემონტის კეთება დაიწყეს და მამამ ლიკანში გამამწესა. სწორედ მაშინ გავიცანი სოსო, მისი მამა, რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი და მათი მეგობრები. სოსომ თავის თავზე აიღო ჩემი გამხიარულება. ცუდად ვიყავი, ოჯახის დანგრევას, მარტოხელა დედობას განვიცდიდი, ამიტომ ღამით დაძინება მიჭირდა.


ჩემი და სოსოს ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. როცა ყველას ეძინა, ჩვენ ვერანდაზე ვისხედით და რაღაცნაირად ამ რთულ პერიოდში მეხმარებოდა.


შემდეგ აბასთუმანში წავედი და იქაც მირეკავდა, დილამდე მელაპარაკებოდა. ჩვენი ურთიერთობა მთლად მეგობრული აღარ იყო. ფინალი კი ბაკურიანში მოხდა. ერთ ღამეს დამირეკა და მითხრა, აივანზე გადი, მომიყევი, როგორი ხედი გაქვსო. მეც გავედი და მოყოლა დავიწყე, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ მისი ხმა მხოლოდ ტელეფონიდან კი არა, ახლოდან მესმოდა. ქვემოთ ჩავიხედე და სოსო იქ იყო. ადგილს მოსწყდა და ჩემკენ გამოიქცა...


მთელი ღამე აივანზე გავათენეთ, ვარსკვლავები ცვიოდა, ყველაფერი ლამაზი იყო. ცოტა ქალური შიში მქონდა, ნეტა, საით წაიყვანს ამ ყველაფერს, მთავარია, რამე არ გააფუჭოს-მეთქი. დილით ისე წავიდა, ჩემთვის არც კი უკოცნია.


- სიყვარული არ აგიხსნათ?

 

- მეორე დღეს დამირეკა და მომიყვა: „1997 წელს გნახე კლიპში „გიხაროდენ" და ვთქვი, რომ აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებოდი. ბიჭებმა მითხრეს, ნუ ფანტაზიორობ, გათხოვილიაო. ლიკანში რომ დაგინახე, გავიფიქრე, თავისი ფეხით მოვიდა-მეთქი".


- მეორედ გათხოვების გადაწყვეტილება ადვილად მიიღეთ თუ ორჭოფობდით?

 

- შიში მქონდა, მაგრამ ჩვენი სიყვარულის ისტორია ბოლოს კონფლიქტში გადავიდა, რადგან სოსო ამ შიშს ეგოიზმად მითვლიდა. მას შვილები, ოჯახი უნდოდა, მე კი მეშინოდა. ბოლოს სახლში მიმიყვანა და აღარ გამომიშვა.


- მან და თქვენმა უფროსმა ბიჭმა, გიორგიმ, ადვილად ააწყვეს ურთიერთობა?

 

- მას და გიორგის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ჩემი შვილი 6 წლისა სოსოს ხელში გახდა. გიორგი მოსკოვში სწავლობს. როდესაც ველაპარაკები, მაშინვე სოსოს კითხულობს. თუ ქმრის გარეშე ვარ, მეკითხება, მარტო რატომ ხარო, სოსო სადააო.


არასოდეს მიგრძვნია, რომ სოსო გიორგის და ჩვენს საერთო შვილებს ერთმანეთისგან ასხვავებდეს. მას მამინაცვალი ზრდიდა. ალბათ ამის გამოცაა, რომ გიორგი ასე ძალიან შეიყვარა. ეხვეწება, ცოლი მოიყვანე და შენს შვილს მე წამოვიყვან გასაზრდელადო. ბავშვები არ ჰყოფნის, არადა, ბინას ვყიდით, უკვე ვეღარ ვეტევით. სოსო გაზრდის გიორგის შვილს, მე მხოლოდ შაბათ-კვირის ბებია ვიქნები.


- მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა უთხარით, რომ მეორედ თხოვდებოდით?

 

- არ მითქვამს. ერთ დღესაც სახლში მისვლა რომ დავაგვიანე, დედამ დარეკა და სოსოს მეგობარმა უპასუხა, ცისანა გათხოვდაო. სწორედ იმ დროს ვამბობდი, სახლში უნდა წავიდე-მეთქი, იქიდან კი არ მიშვებდნენ.


დღეს სოსოზე აფრენენ, ისე უყვართ. დედას ვეუბნები, სიძის ფანკლუბი უნდა გქონდეს-მეთქი. მეუბნება, ძალიან ცუდი, მამაშენის ხასიათი გაქვს, ამიტომ ქმართან ყოველთვის შენ ხარ დამნაშავეო.


- ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ოთხი შვილის დედა გახდებოდით?

 

- სოსოს ბრალია, რომ ამდენი შვილი მყავს. მესამე მშობიარობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შვილს აღარასდროს გავაჩენ-მეთქი, მაგრამ სოსო მეუბნებოდა, აბა, ვნახოთო. ქმრის ძალადობის გარდა, ალბათ ღვთის ნება იყო, რომ მეოთხე შვილიც გამეჩინა.


- თქვენს დიდ ოჯახში ცოლ-ქმარს განმარტოების საშუალება, ერთმანეთისთვის დრო თუ გეძლევათ?

 

- ცოლ-ქმრის განმარტოება აუცილებელია. საღამოს 10 საათის შემდეგ დრო ერთმანეთისთვის გვაქვს გამოყოფილი. ბევრი გაჭირვება გადაგვიტანია, მაგრამ ქმარს არასდროს უთქვამს, სადღეღამისო ძიძა გაუშვი და შენ იყავი ბავშვებთანო. ძიძის ჰონორარი ჩვენს ბიუჯეტში ყოველთვის იყო გათვალისწინებული.


- გული არ გწყდებათ, სცენაზე იშვიათად რომ ჩანხართ?

 

- მომღერალი არ ვარ. ჯემალ სეფიაშვილის შვილი რომ არ ვიყო, სცენაზე არასდროს გამოვიდოდი.


- ცხოვრებამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა გასწავლათ?

 

- ის, რომ ზედმეტად არ უნდა მეტკინოს გული იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩემს გულისტკენად არ ღირან. ადვილად დავიწყე მათი გულიდან ამოგლეჯა. ურთიერთობებში სუფთა ვარ და სხვებისგანაც იმავეს ველი.




ქეთი დინოშვილი

წყარო „სარკე"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner