logo_geo
eng_logo
ჯიჰად აზური: მოხარული ვარ, რომ საქართველოს პროგრესი აქვს როგორც ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების მხრივ
- +

12 აპრილი. 2018. 14:21

 

 

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურს შეხვდა.

 

აღნიშნული შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა.

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას. აღინიშნა მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც მიღწეული იქნა ეკონომიკური რეფორმებიდან გამომდინარე. ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

 

როგორც შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

 

„სწორედ სავალუტო ფონდთან დაწყებული პროგრამის მეშვეობით, ჩვენ მოვიპოვეთ და დავიბრუნეთ ის ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში ესოდენ დიდი ინვესტიციების განხორციელებისათვის. 2017 – 2020 წლებში ჩვენ ქვეყანაში 3,5 მლრდ დოლარით მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაში და ეს ინვესტიციები მოზიდული უნდა იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. დღეს ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაკონტრაქტებული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

თავის მხრივ, შეხვედრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურმა.

 

„საინტერესო შეხვედრა იყო, რომელზეც განვიხილეთ რეფორმების პროგრამა, რასაც საქართველო ახორციელებს. ასევე მოვისმინე სხვადასხვა ინიციატივები, რომელიც ხორციელდება ქვეყნებსა და რეგიონს შორის თანამშრომლობის გაზრდის კუთხით. მოხარული ვარ იმის შეტყობით, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით როგორც სავაჭრო, ასევე ინვესტიციების მხრივ“, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner