logo_geo
eng_logo
ევროპა ლიგა: უხვგოლიანი მატჩი ლვოვში და „ლივერპულის“ მარცხი
- +

29 აპრილი. 2016. 16:28

 

 

28 აპრილს ევროპა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირებები გაიმართა. მატჩებმა მოლოდინები გაამართლა - გულშემატკივარმა ლამაზი გოლები და დაძაბული შერკინებები იხილეს.


„ლვივ არენაზე" დონეცკის „შახტარმა" „სევილიას" უმასპინძლა. შეხვედრა თანაბარ დაპირისპირებაში წარიმართა და საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. მე-6 წუთზე ანგარიში ვიტოლომ გახსნა, რომელიც 23-ე წუთზე მარლოსმა გაქვითა. 13 წუთში ტარას სტეპანენკომ მასპინძლები დააწინაურა, 82-ე წუთზე კი კევინ გამეირომ წონასწორობის აღდგენა პენალტის მეშვეობით მოახერხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:2 დააფიქსირა. ფინალში გამსვლელის ვინაობა განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა.


„ესტადიო ელ მადრიგალზე" „ლივერპულს" იოლი გასეირნება რომ არ ელოდა, მატჩამდეც ცხადი იყო. გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა სტადიონზე შეკრებილმა 16 ათასმა გულშემატკივარმა გატანილი ერთადერთი გოლი მხოლოდ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, 92-ე წუთზე იხილა. დენის სუარესის პასის შემდეგ, თავი ადრიანმა გამოიჩინა - 1:0. იურგენ კლოპის შეგირდებს ფინალში გასასვლელად ისღა დარჩენიათ, რომ „ენფილდზე" სასურველი ანგარიშით მოიპოვონ გამარჯვება.


მოლოდინისამებრ, გუნდებს შორის პირველმა ნახევარფინალურმა შეხვედრებმა ინტრიგა განმეორებითი დაპირისპირებებისთვის შემოგვინახეს, რომლებიც 5 მაისს, თბილისის დროით 23:05 საათზე აიღებს სტარტს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner