-
+
13 აპრილი. 2018. 00:57
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სრული მარაზმია ე.წ. პროტესტი რუსული სატელევიზიო „ექსპანსიის“ მიმართ.
მარაზმია ბევრი მარტივი მიზეზის გამო:
- როცა რ2 გყავს, რომელიც თავისი გადაცემებით, მოწვეული სტუმრებითა და შოუებით ყველაზე მახინჯი ფორმებით გვაჩვენებს დასავლურ ღირებულებებს და მალავს იმ ჭეშმარიტ ფასეულობებს, რისკენ სწრაფვაც საქართველომ დეკლარილებულად დააფიქსირა, რუსულ პროპაგანდაზე არ უნდა ილაპარაკო.
- როცა НТВ–ს რესივერის შეძენა თავისუფლად შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით, მსგავსი სულელური პროტესტი არ უნდა გამოაცხადო.
- როცა საქართველოს წარმოებაში წარმატებული ბიზნეს–კომპანიების უდიდესი ნაწილი რუსულ კომპანიებს ეკუთვნის (მოძებნეთ გუგლში), მსგავსი იდიოტური პროტესტი არ უნდა გამოთქვა.
- როცა ქართული ტელესივრცე სავსეა ყალბი, უგემოვნო, ყოველგვარ სტრატეგიულ გათვლას მოკლებული გადაცემებით, როდესაც ტელევიზიებში გადაცემებს აკეთებენ („აკეთებენ“ და არ „ქმნიან“) ტელევიზიიდან ძალიან შორს მყოფი პროფესიის ადამიანები და მათი ეკრანზე ყოფნა მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ვიღაც ცალტვინამ „ცნობადი სახე“ დაარქვა, სისულელეა პროფესიონალი პროდიუსერებისა და შემსრულებლების მიერ მომზადებული გადაცემების აკრძალვა.
და ბოლოს: რა პროპაგანდას გასწევს ეს ტელეკომპანია? პუტინი და ლავროვი დასხდებიან კაშპიროვსკივით და დაიწყებენ ჩვენს შთაგონებას, თუ რა?
კარგით რა ხალხო, კარგით რა. თქვენზე უკვე აღარც მეცინება“, - წერს გაბრიჭიძე.