საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიის ნაცვლად ელექტორალური ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში საპარლამენტო გუნდი აქტიურად უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ პარლამენტარი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს.
„პარტიის წევრები ნამდვილად ითხოვენ აქტიურ მოქმედებას. საბოლოოდ რა ტიპის პარტიად ჩამოვყალიბდებით, ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" არის საარჩევნო ტიპის პარტია, რაც გულისხმობს, რომ ის მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება, არჩევნებს შორის პერიოდში კი სძინავს. ასეთი ტიპის პარტიები ნამდვილად არსებობს. მეორე მხრივ არსებობს ელექტორალური ტიპის პარტიები, რომლებიც მუდმივად აქტიურები არიან, იქნება ეს წინასაარჩევნო პერიოდი თუ სხვა ნებისმიერი დრო.
მე სწორედ ელექტორალური ტიპის პარტიის მომხრე ვარ. სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც არჩევნებს შორის პერიოდში წყვეტს აქტივობას და იძინებს, რაც ხშირად იწვევს გაღიზიანებას პარტიის რიგით წევრებს შორის. კი ბატონო, ახლა პარტია გააქტიურებულია, ატარებს რაიონულ კონფერენციებს, მაგრამ წინა წლებში მსგავსი რამ, სამწუხაროდ, არ მახსენდება.
ვფიქრობ, „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიის ნაცვლად ელექტორალური ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს. ამაში საპარლამენტო გუნდი აქტიურად უნდა ჩაერთოს. ეს იყო ის შეცდომები, რომელიც პარტიული მშენებლობის დროს იქნა დაშვებული. თავის დროზე, უმრავლესობის მიერ უნდა შემუშავებულიყო ამომრჩეველთან შეხვედრის გეგმა რეგიონულ ჭრილში. ინდივიდუალური შემთხვევების გარდა, ვერ დამისახელებთ ასეთ შეხვედრებს", - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.