logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ბახტაძის განცხადებას ვეთანხმები, ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს!
- +

14 აპრილი. 2018. 10:21

 

 

„ძალიან მოხარული ვარ, როდესაც მინისტრს ასეთი ხედვა აქვს. მეც ვეთანხმები იმას, რომ საბანკო სექტორი უნდა ასრულებდეს სწორედ იმ ფუნქციას, რასაც ბანკი უნდა ასრულებდეს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. როგორც დეპუტატმა „აიპრესს“ უთხრა, გარკვეული ცვლილებებია გასატარებელი, მაგრამ ეს საბანკო სექტორის ჩართულობით უნდა მოხდეს.

 

„საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად არის განვითარებული, მაგრამ არსებობს ერთი მარტივი ფორმულა. ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს. ამიტომ, ნებისმიერი მოცემულობა, რომელიც ამ ეჭვსაც კი აჩენს, დე-ფაქტო სიტუაციაც რომ არ იყოს უკვე ხელის შემშლელია განვითარებისთვის.

 

არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ბახტაძე, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია. იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკების მოგებასთან დაკავშირებით მისი ხვედრითი წილი, როდესაც ძალიან იზრდება ჯარიმების და ასე ვთქვათ მოგების მხოლოდ იმ ნაწილის, რომელშიც ინვესტიციები არ არის დომინანტი, უკვე ცუდი ინდიკატორია.

 

მე როგორც ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებული ადამიანი, როგორ შეიძლება ვიყო იმის მომხრე, რომ ბანკებმა თავისი კუთვნილი როლი არ დაიმკვიდრონ ჩვენს ქვეყანაში და მათ აქვთ კიდევაც. მათ უნდა გაითავისონ ის რომ თუ ისინი არ დაუბრუნდებიან ბანკის რეალურ ფუნქციას, მაშინ ყველანი ერთად პრობლემის წინაშე დავდგებით“, - განაცხადა კაკულიამ.

 

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ საჭიროა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებებია განსახორციელებელი? - პასუხობს:

 

„ჩვენ ეს პროცესი გვაქვს. ეროვნულ ბანკთან გვაქვს კონსულტაციები. როდესაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონი მივიღეთ, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები იყო ეროვნულ ბანკთან. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც თავის მხრივ უნდა ჰქონდეს და აქვს კიდეც კონსულტაციები საბანკო სექტორთან. ჩვენ დავეთანხმეთ ამ პროექტს, მის განმარტებით ბარათში ჩადებული იყო ის სამომავლო პერსპექტივები და მიმართულებები, რომლითაც სებ-ი გააგრძელებდა მუშაობას. აქ სხვა ხარისხის საკანონმდებლო ბაზაა მოსამზადებელი იმისათვის, რომ ის შედეგი დადგეს, რასაც მე ვამბობ - ბანკი არ იყოს ბიზნესის კონკურენტი. ამას მხოლოდ მოწოდებებით ვერ გააკეთებ, საჭიროა სხვადასხვა კანონმდებლობაში სხვადასხვა ცვლილების შეტანა. ვიცი, რომ სებ-ი ამ მიმართულებით მუშაობს და ეს მუშაობა საბანკო სექტორთან კონსულტაციების გარეშე და მათი იგნორირებით არ გამოვა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა საბანკო სექტორის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა:

 

„საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner