რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკის სერგეი რუდსკოის განცხადებით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთოსანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო.
„არსებული ინფორმაციით, სულ 103 ფრთოსანი რაკეტა იყო გამოყენებული. სირიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 71 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა. აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის წარმატებებზე რეაქციას წარმოადგენს“, - განაცხადა რუდსკოიმ.
დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.