logo_geo
eng_logo
„იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით“
- +

29 აპრილი. 2016. 19:12



მსოფლიო კინოს ისტორიაში მრავალი ლეგენდარული სახე არსებობს, მაგრამ კინოს ლეგენდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგ ალბათ ერთეულები თუ იქნებიან. კინოს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა ამერიკელმა მსახიობმა მერილინ მონრომ, რომელიც გასული საუკუნის ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება - „იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით", - წერდნენ მასზე.


მისი ნამდვილი სახელი ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონია. იგი 1926 წლის 1 ივნისს, ლოს-ანჯელესში დაიბადა.


 მან შექმნა სიმბოლო ლამაზი, მომღიმარი ქალისა. მის ცხოვრებაში იყო რთული მომენტებიც, რომლებმაც იგი სასოწარკვეთამდე და დეპრესიამდე მიიყვანა.


გთავაზობთ ამონარიდებს მერლინის პირადი ჩანაწერებიდან, რომლებიც მის ხალისიან პიროვნებას სხვა კუთხით დაგვანახებს.


 

 

„რისი მჯერა? მჯერა, რომ არსებობს სიმართლე, საკუთარი თავის მჯერა..."


„წუხელ ისევ მთელი ღამე არ მიძინია, წერისგან ხელები მიცახცახებს, მაგრამ მინდა ვწერო, კიდევ და კიდევ..."


„როგორ მინდა მოვკვდე, უბრალოდ წავიდე აქედან. ვთვლი, რომ პატიოსნად და პროდუქტიულად ცხოვრების ერთადეთი გზა მუშაობაა. შესაძლოა, არასდროს მომეცეს საშუალება, ვაკეთო ის, რაც მინდა, მაგრამ სხვა თუ არაფერი, მე მაქვს იმედი".


ნორმან მეილერი, მერილინის ბიოგრაფი: „მერილინი აღარ არის. აბების მეშვეობით, ის ჰორიზონტს მიღმა მიიმალა. არავითარი ამქვეყნიური ძალა არ აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მის სწრაფვაზე თვითგანადგურებისკენ".


მერილინ მონრო იქცა ლეგენდად, მან შექმნა მითი, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ღარიბი ოჯახიდან გამოსულმა გოგონამ. იგი იზრდებოდა საშინელ სიღარიბეში, სამხრეთ კალიფორნიის ბავშვთა სახლებში.

 

 


„ჩემი პირველი ბავშვური გაცნობიერებული ოცნება მსახიობობა იყო. წლების მანძილზე წარმოვიდგენდი თავს მსახიობად, სანამ რეალურად არ დავიწყე მუშაობა. მუშაობის საშუალება რომ არ მომცემოდა, ალბათ დავრჩებოდი ჩვილ ბავშვად, აფორიაქებულ, სასოწარკვეთილ თევზად, რომელიც წყლიდან ამოაგდეს".


მცირე ხნის მანძილზე მოდელად მუშაობის შემდეგ იგი ჰოლივუდში გაემგზავრა, მსახიობთა შერჩევაზე მომუშავე ერთ ყველაზე ცნობილ აგენტთან. მერილინი წერს: „არაფერი მაძლევს ისეთ ძალას, როგორც აზრი, რომ ცხოვრება სწორედ ახლა იწყება".


ბენ ლაიონი, „XX Century Fox" კასტინგ-მენეჯერი - „მდივანმა დამირეკა, მისტერ ლაიონ, თქვენთან ახალგაზრდა გოგონაა მოსული, მაგრამ მას არ აქვს დანიშნული თქვენთან შეხვედრა. შემოიყვანეთ, მერი, ვუთხარი მე და ერთი წუთის შემდეგ ჩემთან ოთახში შემოვიდა ყველაზე ლამაზი გოგონა, რომელიც კი შემეძლო წარმომედგინა. ოქროსფერი თმა, მოკლე ვარდისფერი კაბა, ის 22 წლის იყო. ვკითხე, რა მიზანი გაქვთ? ვარსკვლავი მინდა გავხდეო, მიპასუხა".



„ჩემი სცენის რეპეტიცია გავიარეთ და დავიწყეთ გადაღება. მე ჩუმად ვლოცულობდი. ეს იყო ჩემი, როგორც მსახიობის გზის დასაწყისი. აი, როგორი იყო ჩემი პირველი როლი: მე შემოვედი სცენაზე, მოვუკიდე სიგარეტს, შევისუნთქე, გავედი ოთახის ბოლოში, ფანჯარაში გავიხედე, დავბრუნდი უკან და გავედი სცენიდან", - ასე იხსენებს მერილინ მონრო თავის პირველ ნაბიჯებს სამსახიობო კარიერაში.

 

 


„ზოგჯერ მიჩნდება სურვილი, რომ სიტყვები გავრითმო, ნუ მისაყვედურებთ ამას. მე მინდა ვწერო არა ოცნებებზე ან გასარეცხ ჭურჭელზე, არამედ აზრებზე, რომლებიც თავში მომდის, სანამ ცოცხალი ვარ".


„ღმერთო, როგორ მინდა, მკვდარი ვიყო. აღარ ვიარსებო. წავიდე აქედან შორს, შორს... წავიდე სამუდამოდ, მაგრამ როგორ?! ყველგან ხიდებია, მაგალითად ბრუკლინის ხიდი, არა ოღონდ ბრუკლინის ხიდი არა, იმიტომ, რომ მე ის მიყვარს. იქიდან ისეთი ხედი იშლება და იქ ისეთი ჰაერია... ყველაფერი ისეთი ჩუმი და მშვიდობიანი ჩანს, როცა მას მიუყვები. ესე იგი სხვა ხიდი უნდა მოვძებნო. მახინჯი ხიდი, საიდანაც არაფერი ჩანს. მაგრამ მე ისე მიყვარს ხიდები, და თანაც მახინჯი ხიდი არსად მინახავს..."


„მარტო, მარტო, სულ მარტო ვარ, მიუხედავად ყველაფრისა..."


„გახსოვდეს, რომ შენ ყველა მონაცემი გაქვს, ტყუილად გრცხვენია, შენ გაქვს ყველაფერი, დისციპლინის და ტექნიკის გარდა, მაგრამ შენ ამაზე მუშაობ. ბოლოს და ბოლოს შენთვითონ მიაღწიე ყველაფერს, არავის უბოძებია შენთვის ეს შანსი".

 

 

 

„სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შეიძლება ჩვენ დაგვემართოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანიც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამუშაოც ერთგვარი სიყვარულია".

 

„ის დრო მახსენდებოდა, როცა ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელი ვიყავი. შემდეგ მე თვითონ ამოვიყვანე თავი ამ სიმაღლეზე. მე ყველაფერი სწორად გავაკეთე. იყო წუთები, როცა მე მშვენიერი ვიყავი, თუმცა უსიამოვნება უფრო ადვილად გამახსოვრდება..."

 

„გახსოვდეს, შენ პატარა შეშინებული გოგონა აღარ ხარ, ცხოვრების მწვერვალს მიაღწიე".

 

„რისი მჯერა? რა არის ჭეშმარიტება? მე მჯერა საკუთარი თავის, საკუთარი სისუსტისაც კი. მიუწვდომლობის...."

 

„ცხოვრება! მე გარშემო ვაკვირდები ყველაფერს, შენ კი სადღაც ქვევით იყურები. მე ვარ მტკიცე, როგორც ობობის ქსელი ქარში, მე ვცხოვრობ სიცივეში, ვერცხლისფრად მბრწყინავ ყინვაში, მაგრამ ჩემი სხივები ფერადია, როგორც იმ სურათებზე, ოდესღაც რომ მინახავს, ცხოვრებავ, შენ მოგატყუეს".

 

„ოჰ, უმოძრაო სიჩუმევ, შენს გამო თავის ტკივილი მეწყება, აუტანელი, საშინელი ხმების გამოძახილი ჩემს თავში ტვინს მატკიებს, წყვდიადია, მოდიან ურჩხულები, ჩემი ყველაზე ერთგული თანამგზავრები. სიმშვიდევ! როგორ მჭირდები, თუნდაც პატარა ჩუმი ურჩხულის სახით".

 

 


„ვფიქრობ, მე მარტოსული ვარ, თავში აზრები მერევა, ჩემს თავს სარკეში ვხედავ, წარბები მოჭმუხნილი მაქვს, მასთან ახლოს თუ მივალ, დავინახავ იმას, რისი დანახვაც ასე ძალიან არ მინდა: დაძაბულობას, ტკივილს, იმედგაცრუებას... თვალები ჩამქრალი მაქვს, ლოყებზე ავადმყოფური სიწითლე დამკრავს, ძარღვები დაბერილი, თმა ჩიტის ბუდესავით. ყველაზე მეტად პირი მთრგუნავს და ჩემი მკვდარი თვალები. ჩემს ტუჩებს შორის შავი ხაზი გადის, ჰორიზონტზე კი შტორმი მოჩანს. არ გინდათ, არ მაკოცოთ! არ მომატყუოთ, მე ვარ მოცეკვავე, რომელმაც ცეკვა არ იცის".

 

„დამეხმარეთ, დამეხმარეთ, დამეხმარეთ! ვგრძნობ, როგორ წამიჭირა ყელში სიცოცხლემ და მე მხოლოდ სიკვდილი მინდა!"

 

„რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ პასუხები არ არსებობს. უბრალოდ უნდა იცხოვრო, ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, ან პირიქით, ძალზე ხანგრძლივი. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ ცხოვრება რთულია. ახლა, როცა ასე ძალიან მინდა ვიცოცხლო, თავს მოხუცად სულაც არ ვგრძნობ, არ ვფიქრობ წარსულზე და არ მინდა დავიცვა თავი. ჩემი ცხოვრება მინდა ვილოცო და ვესაუბრო სამყაროს. მე მჯერა მისი..."

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner