პორტალი euronews.ge მხოლოდ სამიოდე თვეა, რაც აქტიურად საქმიანობს. ონლაინ პორტალის მთავარი მიმართულება არის საქართველოსა და ევროკავშირის, საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობების, ევროპული ამბების გაშუქება. ჩვენი მიზანია, ევროპისა და ცივილიზებული დასავლეთის შესახებ რეალური ინფორმაციის მოსახლეობისათვის მიწოდება და არა ფრაგმენტულად და დამახინჯებულად, ისე, როგორც ამას ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არაერთი „სააგენტო" თუ მედია საშუალება აკეთებს (რა თქმა უნდა შეგნებულად, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციის მიზნით).
შესაბამისად ვცდილობთ, ვაჩვენოთ რეალობა და არა მითოლოგიზირებული და დემონიზებული დასავლეთი, რაც ჩვენი რედაქციის აზრით არის რეალური დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ინფორმაციის დიდი ნაკადი, რაც მედია სივრცეში ვრცელდება, არის სპონტანური, მიმდინარე, მოკლებული რეალური მიზეზების ახსნადობას.
რაც არ უნდა სიმართლე იყოს კონკრეტული ახალი ამბავი, ის საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს თუ მისი წინამორბედი და გამომწვევი მიზეზები არ იქნა მიწოდებული. სწორედ ამას ეყრდნობა რუსული პროპაგანდისტული მანქანა.
მას შემდეგ, რაც პორტალმა აქტიური მუშაობა დაიწყო და შესაბამისად მოემატა კითხვადობა და გაუჩნდა გარკვეული „წონა" საზოგადოებაში, არაერთხელ გავმხდარვართ სხვადასხვა მხრიდან თავდასხმის ობიექტი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ შევჩერებულვართ, პირიქით, ეს ყველაფერი გვიმტკიცებდა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ჩვენს შრომას შედეგი მოაქვს, შესაბამისად არ გვიკვირს და ვემზადებით მორიგი დარტყმებისთვის, რაც დარწმუნებული ვართ კიდევ იქნება, თუმცა, მომავალში მსგავს მოქმედებებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ.
სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მსგავსი „შეტევები" ძირითადად კოლეგებისგან მოდის, თუმცა ამასაც ახსნა აქვს - არავის სურს ზედმეტი კონკურენტი. ისევე როგორც პოლიტიკაში, მედიაშიც, როგორც ჩანს, ბევრი ცდილობს ევროატლანტიკური მიმართულების ექსკლუზივიზაციას, თუმცა, კონკურენტულ გარემოში ეს საკითხი შეჯიბრებითობაზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ გაცხადებულ სურვილებზე. სამწუხაროა, რომ მედია სივრცეში, სადაც ანტიპროპაგანდისტული მეთოდოლოგია არ არსებობს, იქ ყველა რატომღაც სწორედ ამ მეთოდოლოგიის პროფესიონალობას იჩემებს.
ჩვენს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ზოგი წევრი ქვეყანა აპირებდა დამატებითი მექანიზმის შემოღების ინიცირებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე, შოკირებულად იქნა აღქმული. სინამდვილეში კი ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან:
1.ის სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოსთვის,
2. აქედან გამომდინარე, ის თავს იცავს მომეტებული არალეგალური მიგრაციისგან არსებული საემიგრაციო კრიზისის ფონზე და
3. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობა ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს საფრთხოს ქვეშ დააყენებს.
შესაბამისად მიგვაჩნია, რომ მედიის ფუნქცია მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება კი არა, მკითხველის შემეცნებაც არის გარკვეულწილად.
რედაქცია არ დებს ისეთ მასალას, რომელიც არ ემყარება რეალურ და დადასტურებად წყაროს. მიუხედავად ფართოდ გავრცელებული ტენდენციისა, რომ ან მითითებული წყარო უნდა მოიპაროს სხვა მედია საშუალებამ, ან მასალის კოპირება მოახდინოს მითითების გარეშე (ამას ცალკე საკანონმდებლო რეგულირება ესაჭიროება), ჩვენ არასოდეს არც ერთი სხვა სააგენტოს მასალით არ ვსარგებლობთ გარდა ინტერპრესნიუსისა, ისიც იშვიათად შემთხვევებში და თან მხოლოდ ადგილობრივი ამბების გაშუქებისას, რაც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის 10-15% შეადგენს მხოლოდ.