„ოფიციალური პირისგან სერიოზული და სასარგებლო განცხადებაა!“ - ასე აფასებს „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოში არსებული საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია.
„იმედია, ქმედება მოყვება! ბანკები უნდა „დაარწმუნოთ“ საკრედიტო პორტფელის მინიმუმ 25 % გასცენ წარმოებისთვის ნორმალური პირობებით - ეს აამუშავებს ეკონომიკას. თუმცა, მხოლოდ ეს არ კმარა, დაეხმარეთ წარმოებას საოპერაციო ხარჯების შემცირებაში. ევროკავშირის ქვეყნებში ბიზნესისთვის კომუნალური ტარიფები უფრო იაფია, ვიდრე მოსახლეობისთვის. 12 წელიწადზე მეტია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს თურქეთთან, მხოლოდ წაგება მოაქვს მას და აქ წარმოებას აზრი ეკარგება. გააუქმეთ ან შეზღუდეთ ჭკვიანურად. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არ მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ. დროა ამაზე ჩამოვყალიბდეთ. მხოლოდ რამდენიმე კომპანია ხეირობს. აკრძალეთ იმპორტული საქონლის დემპინგური ფასებით შემოტანა, დააწესეთ საკომპენსაციო მოსაკრებელი სუბსიდირებულ იმპორტულ საქონელზე... სამუშაო ადგილები ასე შეიქმნება, სხვაგვარად არა. მომაკვდინებელი ემიგრაცია ასე შეჩერდება, სხვაგვარად არა. წარმოების დარგში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი ქმნის 5-6 დამატებით სამუშაო ადგილს მომიჯნავე სფეროში!“ - წერს ირაკლი გოგავა.