logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ქართულ ეკონომიკაში მონოპოლიების განვითარების რისკი არსებობს
- +

15 აპრილი. 2018. 22:06

 

 

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის კვირაში“ საბანკო სექტორის მისამართით არსებულ პრეტენზიებზე ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი „ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის“ მუშაობს და ეთანხმება მოსაზრებას, რომ აქამდე „თამაშის წესები სამართლიანი არ იყო“.

 

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი რესურსი და მთავარი სიმდიდრე მოქალაქეები არიან, რომლებსაც აქვთ ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, ეკონომიკურად კონკურენტული იდეები და პროექტები. მაგრამ სხვადასხვა ბარიერის გამო, ვერ ახორციელებენ მათ. თუ ამას მაკროეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, რა თქმა უნდა, მთავარი ბარიერი არის სასტარტო ფულის და კაპიტალის მკვეთრი დეფიციტი. შესაბამისად, გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოქალაქეს ბიზნესის დაწყება სურს და ამის გაკეთება უწევს საკრედიტო რესურსით და იმ მაღალი პროცენტებით, რომლებიც საკრედიტო რესურსს მოყვება, რაც, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელია.

 

სასტარტო კაპიტალის რეფორმის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ფინანსური სექტორის ადეკვატური ჩართულობის პარალელურად, ჩვენ შევქმნათ მექანიზმები, მათი ნაწილი უკვე შექმნილია, რომლებიც საშუალებას მოგცემს ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი სიცოცხლე მივცეთ ისეთ პროექტებს, რომლებიც დღეს ვერ ხორციელდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, თვითონ რეფორმა გლობალურია და ის რამდენიმე პროგრამას მოიცავს, რომელთა მიზნობრივი აუდიტორიაც განსხვავებულია.

 

„თითოეულ პროგრამას თავისი ფინანსური მექანიზმი ექნება“, - დასძინა ბახტაძემ.

 

არასამართლიან თამაშის წესებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრი შეეხო სასტარტო კაპიტალის რეფორმის აუდიტორიის საკითხსაც.

 

„ესენი იქნებიან ახალგაზრდა სტარტაპერები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რეგიონული განვითარება, სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ჩვენი ემიგრანტებიც, ვინაიდან ინტელექტის დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ არასამართლიანი თამაშის წესები იყო“, - განაცხადა ბახტაძემ „იმედის კვირის“ ეთერში სუაბრისას.

 

ბახტაძის თქმით, ქართულ ეკონომიკაში „გვაქვს ისეთი ფაქტორები, სადაც მონოპოლიების განვითარების რისკი არსებობს“.

 

მამუკა ბახტაძემ საქართველოს საბანკო სისტემა გასულ კვირაში გააკრიტიკა. მინისტრმა პრობლემად დაასახელა მაღალპროცენტიანი სესხები, რაც, მისი თქმით, მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner