საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია BFMTV-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთში, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად, მაისში ჩავა.
„რუსეთში მაისში ჩავალ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მოსკოვში მაკრონის ოფიციალური ვიზიტის შესახებ ცნობილი მარტის დასასრულს გახდა. მაშინ ეს ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დაუდასტურა.
ვიზიტი დიპლომატიური სკანდალის ფონზე წარიმართება, რომელიც დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლას უკავშირდება. ამის გამო საფრანგეთმა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იულია სკრიპალმა კლინიკა უკვე დატოვა.
დასავლეთის ქვეყნებმა სკრიპალების მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულეს.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.
სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია. საქართველოში მდებარე შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი ერთი დიპლომატი ოფიციალურმა თბილისმაც გააძევა ქვეყნიდან. პასუხად რუსეთიც ანალოგიურს ითხოვს.