ოზურგეთში ავტოავარიისას 13 წლამდე მოზარდი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 5 წლამდე ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
პირველი არხის ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზეა, მას თავის არეში აქვს ჭრილობა მიღებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის რეანომობილით ბათუმში უნდა გადაიყვანონ.
კიდევ ორი დაშავებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ასევე შეიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი და ექვსი წლის ბავშვები, რომელთაც, ექიმების განცხადებით, ამბულატორიული დახმარება გაუწიეს. მათ სხეულის დაჟეჟილობა და უმნიშვნელო სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდათ. ორივე ბავშვმა საავადმყოფო უკვე დატოვა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი სოფელ ბაილეთში ჯერ 50 წლამდე ქალს დაეჯახა რომელიც ბავშვს ეტლით ასეირნებდა, შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ეტლში მყოფი ბავშვი არ დაშავებულა. ადგილზე დაიღუპა ავტომობილში მჯდომი 13 წლის გოგო. საშუალო ასაკის ქალი და სამი ბავშვი კი დაშავდნენ. მანქანაში კიდევ ორი კაცი იჯდა, რომლებმაც სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვეს.