ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „Freedom House“-ის ანგარიში ნეგატიურად შეაფასა. მან სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა, ამ ანგარიშზე გავლენა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს, რაშიც კონკრეტული ფინანსური რესურსი იყოს ჩადებული.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას გულისხმობს მამუკა არეშიძე შესაძლო ფინანსურ დაინტერესებაში და რა კონკრეტული ინფორმაცია აქვს მას?
- ბატონო მამუკა, თქვენს განცხადებას, რომ შესაძლოა, „Freedom House“-ის ანგარიშში 500 ათასი ყოფილიყო გადახდილი, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
- არც გამკვირვებია. ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ, რომელთა დაინტერესება და საერთო ნარატივი ბოლო ანგარიშთან ნათელია. ჩემი განცხადება არც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსწონებიათ. მათ მე მეტ პასუხისმგებლობას ვთხოვ მსგავს თემებზე. ასე რომ, არაა გასაკვირი არაერთგვაროვანი შეფასება.
- მაინც უფრო კონკრეტულად მინდა გკითხოთ, რა ინფორმაციას ფლობთ ანგარიშზე შესაძლო გავლენაზე, ანუ შესაძლოა, რომ ამ ანგარიშში ქრთამი იყოს გადახდილი?
- იცით, საქმე სხვაგვარად ხდება ხოლმე. ფული შესაძლოა სხვა მიზნით გადაუხადო ვინმეს, თუმცა იცი, რომ ის ანგარებით გავლენას მოახდენს ანგარიშის ტენდენციაზე, დააკორექტირებს და უფრო მეტ სიმძაფრეს მიანიჭებს. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშს იმიტომ მოჰყვა აჟიოტაჟი, რომ მეტი მოუვიდათ. ჩათვალეს, რომ „Freedom House“-ის ანგარიშები ისედაც ყველასთვის ნეგატიურია და ამასაც ყველა გაატარებდა. „ნაციონალური მოძრაობა“ კი შიდა დარტყმებისთვის გამოიყენებდა.
თუმცა, ეტყობა, ნეგატივით დაინტერესება იმდენად დიდი იყო „Freedom House“-ის, რომ ფაქტობრივი შეცდომაც კი მოუვიდათ.
- მეორე არხის საკითხს გულისხმობთ? ორგანიზაციამ თავის ანგარიშში შეცდომა გაასწორა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის ადრეულ ვერსიაში არასწორად განაცხადა, თითქოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხი დაიხურა.
- დიახ, ვნახე ეს ინფორმაცია. ეს ყველაზე ადვილად გადამოწმებადი ფაქტი იყო და იძულებულები იყვნენ, შეეცვალათ, თუმცა მე თუ მკითხავ, კიდევ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.
- ბატონო მამუკა მაინც მინდა ჩაგეკითხოთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენ ,,პრაიმტაიმს“ განუცხადეთ. არსებობს ინფორმაცია კონკრეტულად ვინმეზე ფულის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით?
- თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ასეთი სახელი და გვარი - მარკ ბერენტი, ის „Freedom House“-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორია და მას საკმაოდ ბევრი კავშირი აქვს საქართველოსთან. მის „უახლოეს გარემოცვას“ კი - ვანო მერაბიშვილთან. მე მქონდა სხვადასხვა წყაროსგან ინფორმაცია, რომ სწორედ მისი საშუალებიც ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ანგარიშზე გავლენის მოხდენას და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ამაში საკმაოდ დიდი თანხა - 500 ათასი დოლარი დახარჯეს. ეს მეთოდი რომ ამათთვის ახალი არაა და საკმაოდ ეფექტურადაც იყენებდნენ მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ოპოზიციაშია არიან, მე მგონი, აღარავის უკვირს. საქმე ისაა, რამდენად ეფექტურია ხელისუფლების ზომები, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. განსაკუთრებით ისეთ რთულ და მერყევ პერიოდში, როგორშიც ვცხოვრობთ.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროამერიკულ განწყობებზე არ აისახოს რომელიღაც ორგანიზაციის ტენდენციურობა. ამას ყოველთვის რომელიმე პოლიტიკური ძალა შიდა არეულობისთვის გამოიყენებს. რა მნიშვნელობა აქვს პირდაპირ გადატრიალებაში გადაიხდი ფულს და დააფინანსებს ვინმეს, თუ ასე, ვითომ ცივილიზებულად, ნელ-ნელა შექმნი აპოკალიფსს და ასე მოახდენ გავლენას პოლიტიკაზე?!
- შეიძლება თუა რა რომ ამან, ზოგადად, გამოიწვიოს ნიჰილიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების ან რეიტინგების მიმართ?
- დიახ, და ეს ძალიან ცუდია. უნდა არსებობდეს ობიექტური შემფასებელი და მას სანდოობა ჰქონდეს. მე მგონია, რომ თუნდაც ამ პატარა „შეცდომას “, რაც მეორე არხზე დაუშვეს და როგორც შეცვალეს შემდეგ ეს ვითომდა დეტალი, მოჰყვება რეაქცია მთელი ორგანიზაციის ბორდიდან.
- ვნახოთ, პოლიტიკური ტემპერატურის აწევის შესაბამისად, არაა გამორიცხული, ბევრი ასეთი სიურპრიზი ვიხილოთ.