logo_geo
eng_logo
ბანკების მოგება მოსახლეობისა და ჯარიმების ხარჯზე იზრდება
- +

15 აპრილი. 2018. 17:17

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 352 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 97,5 მლნ. ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2016 წლის იანვარ-მაისში ბანკების მოგება 254 490 000 ლარი იყო. ანუ მოგება 38,3%-ით გაიზარდა. მხოლოდ მაისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორს 56,6 მლნ.-იანი მოგების მატება აქვს.

 

ამასთან, მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 1 815 394 000 მილიარდი ლარია და იგი 342 979 000 აჭარბებს აპრილის მაჩვენებელს, ასევე, 543 714 000 ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

 

სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და 5 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 1 083 868 000 ლარს ლარს შეადგენს. 2016 წლის იანვარ-მაისში კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავალი 961 862 000 ლარი იყო.

 

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ – 617 მილიონი ლარი, იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი, თითქმის ორჯერ ნაკლებია და 352,8 მლნ. ლარს შეადგენს. ასევე, მაღალ შემოსავალს იღებენ ბანკები არაპროცენტული შემოსავლებიდან, ამ მხრივ ბანკების საგებელმა 2017 წლის იანვარ-მაისში 731,5 მლნ. ლარი შეადგინა.

 

როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობიდან (ფიზ. პირები) მიღებულ შემოსავლებზე. ბანკების შემოსავლებში ასევე დიდი წილი უკავია – 40% ჯარიმებით, საურავებით, საკომისიოებით, დასაკუთრებული ქონების რეალიზაციით და სხვა არა არასაპროცენტო სახის ანუ არა კრედიტის გაცემიდან მიღებულ საგებელს. გამოდის, რომ ბანკების პროცენტული შემოსავალი იურიდიული პირებიდან, მთელ მის შემოსავლების მხოლოდ 19%-ს შეადგენს.

 

 

შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ბანკები ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი, ვიდრე მეწარმეების, რადგან მოსახლეობისგან შემოსავლები პროცენტულად უფრო მაღალია. ანუ, იმაზე საუბარი, რომ საბანკო სფერო ეკონომიკის მოტორი უნდა იყოს და მან ქვეყნის რეალური სექტორის დაფინანსებით სტიმული უნდა მიცეს ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს საბანკო სფეროს პირობებში არ მუშაობს. გამოდის, რომ ქართული ბანკები უფრო მეტად აკრედიტებენ მოსახლეობის მოთხოვნას, რომელიც მიიმართება იმპორტის დასაფინანსებლად, ვიდრე ადგილობრივ წარმოებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-სესხებში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სფეროს დაფინანსებაზე მოდის. მოსახლეობის ბანკებისადმი დავალიანება კი წლიდან წლამდე იზრდება.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი. შედეგად დღეს საბანკო სექტორი დგას არა ეკონომიკის განვითარების არამედ მოსახლეობის ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში.

 

ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოში ფიზიკური პირების სესხების მომსახურების ტვირთი მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში და შემდეგნაირად გამოიყურება:

 

– თურქეთი – 16,6 %;

– სომხეთი – 6,7 %;

– რუსეთი – 18,5 %;

– საქართველო – 24,6 %;

– ამერიკის შეერთებული შტატები – 10 %;

– ევროპა – 11 % (საშ).

 

საყურადღებოა, რომ საბანკო სფეროს მიერ მოსახლეობის დაკრედიტება უფრო იზრდება და ვიდრე მეწარმეების, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზეც აისახებოდა.

 

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა $891 მლნ დოლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $163 მლნ დოლარით (5.5-ჯერ ნაკლები);

 

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა 2 მილიარდ 462 მილიონი ლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა 1 მილიარდ 177 მილიონი ლარით (2-ჯერ ნაკლები);

 

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება (თუ დოლარში გადავიყვანთ) საშუალოთვიურად გაიზარდა $46 მლნ დოლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $16 მლნ დოლარით (3-ჯერ ნაკლები);

 

შედეგად ვიღებთ იმას, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად ეფლობა ვალებში, რითაც იზრდება კიდეც საბანკო სფეროს მოგება რეკორდულად ყოველწლიურად. ხოლო მეწარმეების დაკრედიტება ბანკების მხრიდან კიდევ უფრო შემცირდა საერთო მაჩვენებელში, რითაც ეკონომიკა იმ პოტენციურ სარგებელსაც ვერ იღებს საკრედიტო ინსტიტუტებისგან რისთვისაც წესით ისინი არსებობენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბანკების მსოფლიო ათეულში არიან მომგებიანობის მარჟით, ეს კიდევ მისაღები იქნებოდა, მათი მხრიდან ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტება, რომ ხდებოდეს. დღეს სახეზე გვაქვს ბანკების მხრიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდა, რომელიც ეკონომიკაში სარგებელს არ ქმნის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბანკების მოგება რეკორდულად იზრდება მოსახლეობის, ფიზიკური პირების ხარჯზე, ასევე არასაპროცენტო შემოსავლებით, ხოლო ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემას ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს. როდესაც ქვეყანაში საფინანსო სექტორის 90% ბანკებზე მოდის, მეწარმეებს ფინანსების მოძიების ერთადერთი საშუალება აქვთ, ესაა აიღო კრედიტები კომერციული ბანკებიდან. რასაც ან ვერ აკეთებენ, ან კიდევ ისეთი პირობებით უწევთ სესხები აღება, რომ ეს მათ ფინანსური მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

 

 

ავტორი - მერაბ ჯანიაშვილი, ეკონომისტი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner