logo_geo
eng_logo
რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბრიტანეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა
- +

16 აპრილი. 2018. 19:54

 

 

„სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დადგმული“, - ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ შულგინმა განაცხადა. მისივე თქმით, სცენარი ვაშინგტონში დაიწერა და ეჭვგარეშეა, რომ „პირველი ვიოლინოს“ როლს აშშ ასრულებდა.

 

რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვს აქვს უდავო მტკიცებულება, რომ 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით თავდასხმა არ მომხდარა.

 

„ეს იყო ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, აშშ-დან სავარაუდო მოკავშირეების მონაწილეობით. მიზანი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სირიის წინააღმდეგ აგრესიის გამართლება იყო“, - განაცხადა შულგინმა.

 

შეახსენებთ, რომ 14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

 

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner