logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ვეფხია ბაქრაძემ პირველ ადგილობრივ საბჭოს ექვსჯერ მიმართა და ექვსივეჯერ უარი მიიღო
- +

17 აპრილი. 2018. 10:02

 

„ვეფხია ბაქრაძემ პირველ ადგილობრივ საბჭოს 2016 წლის 30 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართა, რათა მისი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლილიყო, რაზეც უარი ეთქვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი შეწყალების თხოვნით 27 ოქტომბერს მიმართა“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. 

 

„30 სექტემბერს ჩვენ გვთხოვა, იქნებ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადამიყვანოთო, მაგრამ კომისიამ უარი უთხრა. 27 ოქტომბერს კი უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების თხოვნით მიმართა და შემდგომში, როცა სასჯელი მოაკლეს, იმ ვადამდე მივიდა, როცა უკვე მისი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

მისი თქმით, მანამდე, როცა ვეფხია ბაქრაძემ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით მიმართა, მას პირობით ვადამდე გათავისუფლების განხილვის ვადები არ ეხებოდა.

 

„მას ამ დროს მხოლოდ სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ვადა ეხებოდა, მაგრამ როცა ერთი წელი მოაკლდა, მერე უკვე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებასაც ითხოვდა, რაც ექვსჯერ მოითხოვა და შესაბამისად, საკითხი ექვსჯერ იქნა განხილული, მაგრამ პირველმა ადგილობრივმა საბჭომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ერთხელ 2016 წლის 30 ოქტომბერს უთხრა, მეორედ 2016 წლის 27 დეკემბერს, მესამედ 2017 წლის 31 იანვარს, მეოთხედ 2017 წლის 28 თებერვალს, მეხუთედ 2017 წლის 31 მარტს და მეექვსედ 2017 წლის 28 აპრილს. შემდგომში, მან სასჯელი კალენდარულად მოიხადა“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

ამ განცხადებით კახა კახიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეწყალების კომისიამდე მიმართა თუ არა ვეფხია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს და თუ მიმართა, რამდენჯერ.

 

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს რომ ვეფხია ბაქრაძე არ შეეწყალებინა, რისკი მაინც არსებობდა, რომ ეს ადამიანი დანაშაულს სასჯელის კალენდარულად მოხდის შემდეგაც ჩაიდენდა. ამიტომ, მინისტრის თქმით, მეტი პრევენციული ღონისძიებაა მოსაფიქრებელი, რათა ზოგადად, დანაშაულის პრევენცია მოხდეს.

 

„ერთმანეთზე გადაბრალება სწორი არ არის და ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რომ მექანიზმების დაიხვეწოს, რათა ასეთი ტიპის ფაქტები მომავალში მაინც ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner