„საერთოდ ჯობია, რომ ყველამ თავის პარტიას მოუაროს. „ქართული ოცნება" როგორმე თვითონ გადაწყვეტს როგორ დააკომპლექტოს თავისი სია", - ასე პასუხობს „ქართული ოცნების" წევრი, თამაზ მეჭიაური პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების" რიგებში არსებობენ ნორჩი ლენინელები თუ სტალინელები. უმრავლესობის წევრი უსუფაშვილს მიმართავს, დააზუსტოს ვის გულისხმობდა თავის განცხადებაში.
for.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა.
დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ მცირე პრობლემას ხედავს და სამიდან ერთ-ერთი მისი თქმით, „ქართული ოცნების" არც თუ „ნორჩ ლენინელსა" თუ „სტალინელს" უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ბატონო თამაზ, ვინ არიან თქვენს გუნდში ლენინელები და სტალინელები?
თამაზ მეჭიაური: მე რატომ მომაკითხეთ მაინცდამაინც?
იმიტომ, რომ თქვენ წარმოადგენთ მმართველ გუნდს...
- გასაგებია, მაგრამ ალბათ, ჯობია უსუფაშვილს ჰკითხოთ დააზუსტოს ვის გულისხმობდა. ისე, მე 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული თანამდებობა მეკავა, მანდატი დავხიე.
გასაგებია, მაგრამ რითი ხსნით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ქართულ ოცნებაში" ლენინელებისა და სტალინელების არსებობაზე, იქნებ მართლაც არის ეს პრობლემა „ქართულ ოცნებაში"?
- მე უფრო სხვა პრობლემას ვხედავ. გარკვეულ ძალებს უნდათ შეინარჩუნონ ის სტატუს-კვო, როცა გარედან ხდება ქვეყნის მართვა და ასეთ სიტუაციაში უფრო კომფორტულად გრძობენ თავს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ფაქტობრივად, არ გააჩნიათ ამომრჩევლი. იმისათვის, რომ დარჩნენ პოლიტიკაში, გაცილებით მოსახერხებელია შეინარჩუნონ ისეთი სიტუაცია, როცა ამომრჩეველთა ნება-სუვრივილის გარეშე, გარედან თავსმოხვეული პიროვნებები ისევ მოხვდებიან პარალამენტში.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი გალაშქება „ქართული ოცნების" წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან?
- მე გალაშქრებას ვერ დავარქმევდი, რბილად, რომ ვთქვათ, ყურს კარგად არ ესმის ეს განცხადება. საერთოდ ჯობია, რომ ყველამ თავის პარტიას მოუაროს. „ქართული ოცნება" როგორმე თვითონ გადაწყვეტს როგორ დააკომპლექტოს თავისი სია.
დავით უსუფაშვილს ვიცნობთ როგორც საკმაოდ გაწონასწორებული პოლიტიკოსს, ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი განცხადება სტალინელებსა და ლენინელებზე უკავშირდება გოგი თოფაძის ცნობილ განცხადებას, რომ სტალინის სურათი ყველას უნდა ეკიდოს ოთახში?
- ბატონი გოგი არ არის პარტია „ქართული ოცნების" წევრი...
მაგრამ კოალიციის წევრია...
- გასაგებია, მაგრამ თუ პარტიაზე საუბრობდა პარლამენტის თავმჯდომარე და არა კოალიცაზე, მაშინ გოგი თოფაძე რა შუაშია? ბატონ გოგის აქვს თავისი პარტია და მას უფლება აქვს ჰქონდეს ისეთი ხედვა, როგორც სწორად მიაჩნია. აქიდან გამომდინარე, ყველამ პატივი უნდა სცეს მის ხედვებს. რამდენად უჭერს მხარს მოსახლეობა მის პროგრამას, ამას ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს და არა მისი პოლიტიკური ოპონენტები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", უბრალოდ, არაკორექტული იქნება, ვინმემ მიუთითოს როგორ დააკომპლექტოს თავისი სია და თუ ეს იყო მიზანი, ნამდვილად ცუდად ხვდება ყურს.
თქვენი კოლეგა ლევან ბერძენიშვილიც ამბობს, რომ ლენინელების და სტალინელების პრობლემა არის პარტიაში და ეს საკითხი გადასაწყვეტია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ემზადება ვიზა ლიბერალიზაციისთვის...
- ბერძენიშვილს უფლება აქვს თავის პარტიაში განსაზღვროს როგორ მოიქცეს. მე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული აზრი. რატომღაც ვიღაცეებს უნდათ ევროინტაგრაცია და ნატოში შესვლა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება ევროკავშირში გარეთიანებას, მაგრამ ვინც ამას ნატოში გაერთიანების სურვილად თვლის, ეს უკვე მცდარია. ყველამ კარგად იცის და განსაკუთრებით მათ, ვინც უფრო ახლოს არის ამ პროცესებთან, რომ უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების შანსი არ გვაქვს. როცა ამ შანსებზე საუბრობენ, ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
თქვენ რის საფუძველზე აცხადებთ, რომ შანსი არ არსებობს? ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოსთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს წევრობა...
- რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის დეკლარაცია, მაგრამ ამიხსენით პრაქტიკულად, როგორ მოხდება გაწევრიანება? არავინ არ ამბობს, რომ ცუდია, მაგრამ შეუძლებელია. კი ბატონო, კარგია, თუ ნატო აიღებს პასუხისმგებლობას, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, დაიცვას და ჩვენს სასარგებლოდ ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. ეს ყველაფერი თუ იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მაგრამ, სადმე ნახეთ ნატოს ძირითადი წევრი ქვეყნების, ან ამერიკის მზადყოფნა, რომ ისინი ჩაერთვებიან რუსეთთან კონფლიქტში?
2008 წელს ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას, მაგრამ აღშფოთება-შეშფოთებას არ გასცილებია მათი მხარდაჭერა. ასე რომ, ცოტა რეალურად უნდა შევხედოთ ცხოვრებას.
ვერ დაგეთანხმებით, რომ აღშფოთება-შეშფოთებით შემოიფარგლა ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, სწორედ მათთმა მხარდაჭერამ და მოქმედებამ უზრუნვლყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რამაც განაპირობა სამხედრო აგრესიის შეჩერება...
- თუ უნდოდათ ისე კარგად მოახდენდნენ ოკუპაციას და ვინ იყო გამჩერებელი? ეს არის ზღაპრები, რომელიც თავის დროზე მიშამ მოიგონა და ფილმებში ასახა. ვინ შეაჩერა ოკუპაცია, როცა ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე?
ერთია რას აკეთებდნენ ნაციონალები და მეორეა ჩვენი სტრატეგული პარტიორების მოქმედება...
- ჩვენი მოკავშირეები არ გვეუბნებიან, რომ თქვენ აუცილებლად მიგიღებთ ნატოშიო. ამბობენ, რომ ეს ოდესღაც იქნებაო.
ბატონო თამაზ, თქვენ არ უჭერთ მხრას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას?
- მე პრაგმატულად ვუყურებ ყველაფერს. თუ დავინახავ, რომ ეს ნაბიჯი რეალურია და დასაბუთებული იქნება როგორ გვიბრუნებენ ტერიტორიებს და მერე როგორ იცავენ მას, ამის შემდეგ მივესალმები. ჩემი ხალხის მტერი კი არა ვარ, ჩემთვის უპირველესი ამოსავალია ჩემი ქვეყნის ინტერესი. ვერ ვხედავ ამერიკის ვერც ერთი ლიდერის განცხადებას, რომ ჩვენ მიგვიღებენ ნატოში, და, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან საომრად. ეს ემსგავსება ცალმხრივ და უიმედო სიყვარულს, როცა ერთი მხრიდან არის ტრფობა და მეორე მხრიდან არანაირი მზადყოფნა, აი ეს არის. კი ბატონო, დამიმტკიცონ, რომ ამის რეალური საფუძველი არსებობს და გიჟი ხომ არ ვარ, რომ უარი ვთქვა ჩემი შვილების მომავალზე?! მაგრამ, მე არ მინდა, რომ კიდევ უფრო დიდ შარში გავეხვიოთ.
თქვენ, ალბათ, თვალყურს ადევნებთ პრემიერის ვიზიტს აშშ-ში, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი?
- მე ვერ ვნახე ასეთი განცხადება. ერთი-ორი განცხადება კი მოვისმინე, რომ უახლოეს მომავშლი მივიღებთ მაპსო.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ამერიკელმა კონგრესმენებმა - ედ როისსმა და ელიოტ ენგელსმა განაცხადეს, რომ საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება ნატო-ს წევრი...
- საბოლოოდო და არა დაუყონებლივო, მაგრამ ამიხსენით როდის არის საბოლოო? საქმეც მაგაშია, რომ ვერ ვხდებით ნატოს წევრი და მხოლოდ დეკლალირებას ვაკეთებთ.
იქნებ პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებაში არ არის ერთიანი პოზიცია და სწორედ ამაზე მიუთითებდა დავით უსუფაშვილი, როდესაც საუბრობდა ლენინელებისა და სტალინელების არსებობაზე?
- ბოდიშით რა, არც უსუფაშვილს და არც სხვებს, ჩემზე მეტად არ უყვარს ეს ქვეყანა. ვინც მაშინ პარტიაში შევიდა, ყველას გულზე ეხატა სტალინის და ლენინის მანდატი. თუ ადამიანს მართლა უყვარს თავისი ქვეყანა, რომელიმე ერთი ქვეყნის ინტერესზე არ აგებს თავის ქვეყნის ინტერესს, მაინცდამაინც უნდა დააბრალონ ხან ლენინელობა, ხან სტალინელობა და ხან კიდევ რომელიმე ქვეყნის აგენტობა. პარტიაში არც ლენინელები არიან და არც სტალინელები, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ყოფილან კომპარტიის წევრები და უცხოვრიათ იმ პერიდში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ყველამ თავის თავს მიხედოს და ვინ ვისი პიონერია, ეს კიდევ საკითხავია.