ჟურნალისტი ლალი ეგაძე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მაკა გვარამიას მისამართით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბოლო წლებში ადამიანები იმდენად გაიყინნენ, სიყვარული, ერთგულება და მადლიერება თითქმის იშვიათად შეგხვდებათ. მოხდა ისე, რომ შვილიშვილი ცუდად მყავდა... მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა... გადარეულები ვეძებდით საზღვარგარეთ კლინიკებს ბავშვის საშველად. გერმანიაში ლადო ჭანტურია გვეხმარებოდა და არკვევდა, რომელ კლინიკაში რა შეიძლებოდა. მეორე ბებია-ბაბუამ ბავშვი ლონდონში გადააფრინეს. რაც იყო, იყო...
სანამ გადააფრენდნენ, ნაცნობ-მეგობრებმა მითხრეს, თურქეთში კარგი ურთიერთობები აქვს სასწრაფოს უფროსს მაკა გვარამიას და იქნებ გიშველოს რამეო. ნომერიც მომცეს და დავურეკე... თურქეთში იყო იმ წუთას. თბილად მიპასუხა... მოვუყევი ტირილით და მაშინვე დახმარებას დამპირდა... გადარეკ-გადმორეკა კლინიკებში, გაარკვია ყველაფერი, თავისი მეუღლეც, ბატონი აჩიკოც ჩართო ამ პროცესში და ყველაფერი გამიმზადა, რაც შეიძლებოდა. როცა ფინანსებზე მიდგა საქმე, ვკითხე - თქვენი დახმარება და სირბილი მესმის, მაგრამ ჰონორარი რამდენია საჭირო-თქო. კინაღამ ტელეფონში გამოძვრა - რა თანხა, რა ჰონორარი, ბავშვს ვუშველოთო. კიდევ, რომ ჩამოხვალ, კლინიკას ერთად დაველაპარაკოთ და შეღავათებსაც ვთხოვ, რაც შემიძლიაო. არ მიცნობდა და გაოცებული დავრჩი. მართალია, ბავშვი ლონდონში გადავაფრინეთ, მაგრამ ამ გოგომ იმხელა იმედი და რწმენა დამიბრუნა, ვერ გეტყვით... ძალა მომცა...
მადლიერება კარგი რამეა... მაკა გვარამია, ათი ათას მადლობას გიხდი შენს უწესიერეს მეუღლესთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რამდენ ქართველს ეხმარებით, რამდენი სიკეთე გაქვთ გაკეთებული. ჩემს თავზე გამოვცადე და მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ამ მიდგომისთვის. თბილი დამოკიდებულებისთვის და იმისთვის, რომ უკან არ დაგიხევიათ არაფერზე. მითუმეტეს, ერთმანეთს არ ვიცნობდით... დარწმუნებული ვარ, ბავშვი რომ თურქეთში ჩამომეყვანა, ყველაფერს გამიკეთებდით. მიუხედავად იმისა, რომ აღარ დამჭირდა თურქეთის კლინიკა, მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები! ადამიანებო, ათასჯერ უთხარით ერთმანეთს სიკეთისთვის მადლობა და ჩვენი სამყაროც უფრო ვარდისფერი იქნება. მადლობა მაკა, კარგი ადამიანი ხარ და დალოცვილი იყავი“, - წერს ლალი ეგაძე.