ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე შეწყალების კომისიის მუშაობას აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ბოლო ერთი წლის მანძილზე მესამე პოსტს ვდებ შეწყალების კომისიის მუშაობის შესახებ და ვერ იტყვის პრეზიდენტი ან მისი მრჩეველი, რომ მათ წინააღმდეგ კამპანიაში ვარ ჩართული.
გუშინ შეგატყვე, რომ ზოგი რამ შენთვის სიახლე იყო.
კომისიაში შედის რეკომენდაციები, სულ რაღაც 1-2 აბზაცი.
იშვიათად ხდება საკითხების დაზუსტება მიმოწერით ან საქმეების გაცნობით. ძირითადად სიღრმისეულად არაფერს ეცნობიან.
მესამედ ვწერ, ნახე ჩემი ბოლო პოსტი, რომ კონვეიერულად მუშაობენ.
შარშან შეიწყალეს 831 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ უნდა განიხილონ 3-4 საქმე.
დაფიქრდი, რა ტემპებია?! ყოველ დღე 3-4 ადამიანის შეწყალება. თუ ვივარაუდებთ, რომ ყველას არ იწყალებენ, მაშინ საერთოდ მიუღებელი თემებია. ვინმემ ამიხსნას, როგორ შეიძლება ერთ დღეში ჩაწვდე 3-4 ადამიანის საქმეს და მიიღო სწორი გადაწყვეტილება? თუ 10-15 კანდიდატს იხილავ და მათგან არჩევ?
კომისიაში არიან პატივსაცემი ხალხი, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს არც პრეზიდენტს, არც კომისიის თავმჯდომარეს, რას აკეთებენ და როგორ უნდა აკეთონ.
ან ჩემზე/ჩვენზე კარგად იციან და მიზანმიმართული კამპანიაა კრიმინალური ფონის შესაქმნელად.
არის მესამე - კორუფცია, რაც არც კი მინდა ვიფიქრო და არც გავიფიქრებ კომისიის რამდენიმე წევრთან მიმართებაში.
ვიმეორებ, კონვეიერული წესით შტამპავენ შეწყალებებს.
მთავარი: გუშინ ვუცქირე „რეაქციას“, „არჩევანს“, საინფორმაციოებს... პრეზიდენტის, ადმინისტრაციის უფროსის, პრეზიდენტის მრჩევლის და კომისიის თავმჯდომარის, ასევე პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის განცხადებები იყო არაადეკვატური.
დავწერე გუშინ, ბატონებო, ბოდიში და სიჩუმე სჯობს-მეთქი. არა, დაგვმოძღვრეს და აქეთ წაგვიკითხეს ლექციები.
ამიხსნას ვინმემ, ათასობით პატიმარია, ზოგი ბავშვია, ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი ქალია, ზოგი ეკონომიკურ ან წვრილმან დანაშაულზე ზის, რატომ იწყალებენ ასეთი რაოდენობით მოძალადეებს, ნარკოდილერებს (ბარიგებს, ასე ვეძახოდით ბავშვობიდან და თურმე ქურდული ტერმინი ყოფილა. ქურდებიც კი პატივს არ სცემენ და ახლა გვთხოვენ, დილერებად მოვიხსენიოთ. არა, მკვლელები და ბარიგები არიან), რატომ?
ათასობით ადამიანიდან რა პრინციპით არჩევენ დღეში სამ ხორცმეტს?
რატომ ახდენდა წინა პრეზიდენტი აჩქარებული ტემპებით შეწყალებებს? მოითხოვა ვინმემ მასალები და გაანალიზა, რა კატეგორიის დამნაშავეები გამოყარეს? რა მიზნით?
შემდეგ მოჰყვა მასშტაბური ამნისტია.
ამას ამჟამინდელი პრეზიდენტი უმატებს 3 ათას შეწყალებულს, რომლებიც ასევე გასაანალიზებელია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოვიპოვო მასალები.
უბრალოდ, რატომ უნდა შეუმსუბუქო ის 6 თვე მოძალადეს (ქალზე, მამაკაცზე, ბავშვზე, მოხუცზე, რა მნიშვნელობა აქვს?). მიიღო სასჯელი ძალადობის ან სხვა მძიმე დანაშაულის გამო? იჯდეს ბოლომდე. ეს სასჯელია. სასჯელს გარდა, ესაა საზოგადოებისგან იზოლირების ვადა. რატომ უშვებ ადრე?
მერე რა, რომ სულ რაღაც 6 თვე დარჩა თურმე? ვიღაცას ერთი თვე დარჩა, მერე რა?
კომისიის მუშაობის წესი, მიდგომები, ყველაფერი შესაცვლელია. რაღაც ორი განაწერი მისდით სასჯელაღსრულებიდან და ამის საფუძველზე იწყალებენ. ახლა ერთმანეთს აბრალებენ. დავბოლდებით ერთი კვირა და დაგვავიწყდება“, - წერს სალუქვაძე.