უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე Freedom House-ის ანგარიშს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა დიამეტრალურად არის გაუმჯობესებული - ეს იცის თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ, თითოეულმა ადამიანმა, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს ობიექტური თვალით აკვირდება.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ძალიან ტენდენციური და მიკერძოებულია, მასაც კი გაუჭირდა საქართველოსთვის საერთო ქულის დაკლება და საქართველო ამ კვლევის მიხედვითაც კი, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კვლევა მთელი რიგი მიმართულებებით შეიცავს მცდარ და არასწორ მონაცემებს და ეყრდნობა ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან აფილირებული წყაროების მიერ პროპაგანდირებულ ინფორმაციებს. მაგალითად, სასამართლო სისტემის შეფასება იგივე ქულით, როგორითაც ის 2009-2012 წლებში შეფასდა - რეალობას სრულად აცდენილია. თუ ვნახავთ სასამართლოს შესახებ ავტორიტეტულ კვლევებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების სტატისტიკას, დღევანდელი მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია იმ სასამართლოსგან, რომელშიც სახელმწიფო და ბრალდების მხარე ყოველთვის “მართალი” იყო და რომელსაც 1% გამამართლებელი განაჩენიც კი არ გამოჰქონდა სს საქმეებზე. კვლევის ეს ნაწილი ემთხვევა ნაცმოძრაობის წუხილს და დამოკიდებულებას, რისი რეალური მიზეზიც არის ის, რომ სასამართლო მათ მიერ ვეღარ კონტროლდება და დამოუკიდებელია.
ნებისმიერ პირს, ან ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ვითომდა შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ ვენდეტაზე საუბრობს, ან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ან მეტისმეტად მიკერძოებულია და შეგნებულად ხუჭავს თვალს ფაქტებზე. რეალურად, ჩვენი საზოგადოების არაერთი წევრი ხელისუფლებას სწორედ იმას საყვედურობს, რომ წინა ხელისუფლების ბევრად მეტი წევრი რატომ არ იქნა გასამართლებული და დაპატიმრებული. საზოგადოება მათ სახელებს და გვარებს ხშირად ასახელებს. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება შურისძიების მოტივით არათუ არავის შეხებია, მეტიც, სწორედ ახალი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ წარსულში ძალადობასა და მასიურ დარღვევებში შემჩნეული პირები ათასობით განრისხებული ადამიანის რისხვას გადაურჩნენ, რადგან პროცესები კანონის სრული დაცვით, სრულიად ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართა.
მიხეილ სააკაშვილი არა ე.წ. პიჯაკების, არამედ გირგვლიანის საქმეზეა მსჯავრდებული, რომელსაც ქართული სასამართლოს განაჩენამდე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენიც წინ უძღოდა, სადაც ის და მისი მაღალჩინოსნები პირდაპირ იყვნენ დასახელებულნი. აღსანიშნავია, რომ ქართული სასამართლოსა და სტრასბურგის გადაწყვეტილებები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. Freedom House-ის წარმომადგენლებმა სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გადაიკითხონ. მეორე მძიმე საქმე, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მსჯავრდებულია, ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეა, რასაც მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნაც ადასტურებს. ასევე, მის წინააღმდეგ არსებობს ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმე. ამ ყველაფრის ფონზე, Freedom House-ის მხრიდან ეჭვების გამოთქმა პოლიტიკურ ვენდეტასთან დაკავშირებით, ძალიან არაობიექტური და უკიდურესად ტენდენციურია.
საქართველოში მედია გარემო რომ დღეს ბევრად თავისუფალი და პლურალისტულია ეს ობიექტურად დასტურდება: ა) მედიასაშუალებების სიმრავლით; ბ) მედიასაშუალების შექმნა/რეგისტრაციის და ოპერირების სიმარტივით; გ) მედიაში ხელისუფლებისადმი კრიტიკული შინაარსის მოცულობით; დ) იმით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ჟურნალისტებს სრული თავისუფლება აქვთ საკუთარი კრიტიკული პოზიცია გამოხატონ ნებისმიერი ფორმით. მედიაში არსებულ რადიკალურად უკეთეს ვითარებაზე ეს ანგარიშიც კი ვერ ხუჭავს თვალს, თუმცა ამის მიუხედავად, ცდილობს აქცენტები ნაციონალური მოძრაობის პრიზმიდან დასვას და თანაბარ რანგში განიხილოს დღეს არსებული თავისუფალი მედია გარემო და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში არსებული დარბეული, განადგურებული, რეალობის გაყალბებისთვის გამოყენებული, მთლიანად კონტროლირებადი მედია.
ანგარიშში წერია პირდაპირი ტყუილი, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პარლამენტის სხდომების ტრანსლაციას აღარ ახდენს. ამ ანგარიშის ხარისხსა და მიკერძოებულობაზე თუნდაც მხოლოდ ეს, მარტივად გადამოწმებადი ფაქტიც კი მეტყველებს.
რაც შეეხება კვლევაში გამოთქმულ ეჭვს ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და „GDS”-ის გაერთიანებასთან და ვითომდა ამ ყველაფერთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ - სამწუხაროდ აქაც ანგარიში ეყრდნობა ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული “წყაროების” მონაყოლს. იმედია, რომ ამ აშკარა დეზინფორმაციაზე თავად მედია ორგანიზაციები გასცემენ პასუხს. ანგარიშში ერთი ფაქტობრივი მტკიცებულებაც კი არ არის ამ ბრალდების დასაბუთებისთვის.
რაც შეეხება მიწისქვეშა საპარკინგე ადგილის საინვესტიციო ვალდებულებით გადაცემას. პირველ რიგში სასურველი იქნებოდა, რომ ადგილობრივი ოპონენტები და Freedom House-იც გარკვეულიყვნენ თუ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე: ინვესტორს ეს ადგილი გადაეცა მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის ვალდებულებით, რა დროსაც მიწის ზედა სივრცეს შეუნარჩუნდა სატრანსპორტო ზონის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ზედა პერიმეტრი მთლიანად ინარჩუნებს იგივე სტატუსს და მიწისქვეშა ნაწილი კი კვლავ საზოგადოებას მოემსახურება პარკინგის სახით. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწისქვეშა პარკინგები არათუ სიმბოლურ ფასად, არამედ სუბსიდიარული პირობებითაც კი გადაეცემათ ინვესტორებს. აქვე თქვენ იცით ქალაქის მერიის პოზიცია - პირიქით ის მოწადინებულია რაც შეიძლება მეტი კერძო ინვესტორი მოიზიდოს პარკინგების ასაშენებლად და ყველა მათგანს სთავაზობენ საპარკინგე ადგილების გადაცემას.
პანორამა თბილისი არის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არსებითად ზრდის ტურისტულ პოტენციალს, ზრდის ქალაქის ეკონომიკას და რომელშიც ხორციელდება უდიდესი ინვესტიცია, საქმდება ათასობით ადამიანი.
Freedom House-ის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოლიტიკური თანამდებობა 2013 წელს; მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს ნაბიჯი, სწორედ ინსტიტუციური მმართველობის გაძლიერებისკენ იყო მიმართული; მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელია და სრული უფლება აქვს პარტიის საქმიანობაში აქტიურად იყოს ჩართული - აქაც, სამწუხაროდ, Freedom House-ი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მესიჯბოქსით საუბრობს და ნეგატიური, მიკერძოებული შეფასებებით გამოდის. Freedom House-ი წლიდან წლამდე საკუთარ ანგარიშებში შეგნებულად არ ითვალისწინებს იმას, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმები (პოლიციაში, თავდაცვის სისტემაში, საჯარო სერვისების მოდერნიზაციაში, ინფრასტრუქტურის განახლებაში და სხვა) სწორედ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით განხორციელდა და რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის, საკუთრების და ბიზნესის ხელშეუხებლობის, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა.
მოკლედ რომ შევაჯამოთ: მიუხედავად იმისა, რომ Freedom House-მა ანგარიშში ბოლომდე გვერდი ვერ აუარა 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესებას და საერთო შემაჯამებელი ქულის შემცირება არ მომხდარა, ანგარიშში მეტწილად ძალიან ტენდენციური შეფასებები და მიდგომებია გამოვლენილი; ანგარიში მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, აკეთებს დაუსაბუთებელ დაშვებებს და მთელი რიგი მიმართულებებით ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ნარატივს იმეორებს.
ჩვენთვის ღია, დემოკრატიული მმართველობა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ფასდაუდებელია, როდესაც ეს შეფასებები ასახავს რეალურ სურათს და ობიექტურ კრიტიკას. Freedom House-ს წლევანდელი ანგარიში ამის მაგალითად ნამდვილად ვერ გამოდგება. სამწუხაროდ ის მხოლოდ ნიჰილიზმს გამოიწვევს მსგავსი კვლევების მიმართ, რაც ნამდვილად არ არის სასურველი.
Freedom House-ი არის ამერიკული ორგანიზაცია, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, და ჩვენ ამ ურთიერთობას ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. ამიტომაც, ანგარიშს ყურადღებით გავეცანით და თავს ვალდებულად ვთვლით მასში გამოთქმულ შეფასებებს გამოვეხმაუროთ. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს Freedom House-ის ესოდენ ტენდენციური ანგარიში ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა ამ ორგანიზაციას მეტი პასუხისმგებლობა მართებს, მსგავს საკითხებზე მსჯელობისას“, - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.