ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ზუსტად 94 242 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა ნაგავში გადაყარეს. 2017 წლის აპრილიდან 12 თვის განმავლობაში გადაყრილი საკვების რაოდენობისა და ფასების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურმა მოაწოდა.
მზა საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადა კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძირითად შემთხვევაში ეს ვადა 6-დან 12 საათამდე მერყეობს სხვადასხვა პროდუქტზე. ბათუმის ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ ვადის გასვლის შემდეგ მზა პროდუქტებს ანადგურებენ. ამის შესახებ „ბათუმელები“ 6 აპრილს წერდა.
რატომ არ იზიარებენ ქართული სუპერმარკეტები სხვა ქვეყნების ბიზნესის პრაქტიკას – ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ, ან საკვებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ორგანიზებულად აწვდიან. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს, მაღაზიებს კი საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ.
ამ საკითხზე ჰიპერმარკეტებში კომენტარი არ გააკეთეს.
„შესაძლოა, ვინმე მოიწამლოს. ორგანიზება სჭირდება ვადის გასვლამდე პროდუქტის რეალიზებას,“ – ეს ძირითადი არგუმენტებია, რის გამოც ჰიპერმარკეტებში ამბობენ, რომ მზა პროდუქტის სანაგვე ურნებში გადაყრა ურჩევნიათ.
ჰიპერმარკეტები ნაგავში გადაყრილი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდიან. ამ გზით ისინი სავალდებულო გადასახადს აღარ იხდიან.
რა ოდენობის მზა საკვები პროდუქტი ნადგურდება მსხვილ სუპერმარკეტებში ქვეყნის მასშტაბით – ამ ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით მუშავდება და მისი მოწოდება სირთულეს წარმოადგენს. საბოლოოდ შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ოთხ პროდუქტზე – ხაჭაპურზე, ლობიანზე, ღვეზელსა და ფუნთუშაზე მოგვაწოდა ინფორმაცია ფასების მიხედვით. ინფორმაცია შეეხება თითქმის ყველა დაწესებულებას, რომელიც ამ მზა პროდუქტს აწარმოებს და მის რეალიზებას ახდენს.
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – 8701, ნოემბერში – 7727, დეკემბერში – 8192.
2018 წლის იანვარში 9385 ლარის მზა საკვები არის გადაყრილი, თებერვალში – 7439, მარტში – 6817 ლარის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 459 619 ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს.