logo_geo
eng_logo
რას სთავაზობს სახელმწიფო მარტოხელა მშობლებს - საქართველოში აღნიშნული სტატუსი 2 458 ადამიანს აქვს
- +

19 აპრილი. 2018. 02:53

 

 

2018 წლის 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 2 458 ადამიანს აქვს.

 

თუმცა ბევრად მეტია სტატუსის მიღმა დარჩენილი იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სხვადასხვა მიზეზით მარტო ზრდის შვილს/შვილებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების“ პროექტის შედეგებშია აღნიშნული.

 

როგორც ფონდის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია მოცემული, ქართული კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება შეუძლია ადამიანს: რომელიც არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები და მის/მათ დაბადების მოწმობაში მამის/დედის მონაცემები არ არის; ასევე პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მისი შვილების მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებელმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დედის მონაცემები ბავშვის დაბადების მოწმობაში ავტომატურად შეჰყავთ. ამის გამო მამებს სტატუსის მიღება არ შეუძლიათ.

 

„საქართველოს კანონმდებლობით (საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი) განსაზღვრული ერთადერთი შეღავათი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაა. მაგრამ მათ წლის განმავლობაში მხოლოდ 3 000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრებათ. ამასთან, საგადასახადო კოდექსი ამ შეღავათს მხოლოდ დედებისთვის აწესებს, მამები კი დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან. მარტოხელა მშობლებისთვის კანონით განსაზღვრული სხვა შეღავათი არ არსებობს. მათ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობები ეხმარებიან, მაგრამ არც აქაა სახარბიელო მდგომარეობა. საქართველოს მასშტაბით 75 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებისთვის სპეციალური პროგრამა მხოლოდ მესამედს აქვს,“- ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების“ პროექტის შედეგების შემაჯამებელ შეხვედრას დღეს, 16 საათზე მართავს.

 

ფონდის ცნობით, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და დღეს არსებული გამოწვევები განიხილება. ღონისძიებას ფონდის ბენეფიციარი მარტოხელა მშობლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner