რამდენიმე კვირის წინ, პროფესორმა ზაზა სიამაშვილმა, სოციალურ ქსელში, სექსუალური შევიწროვების საკითხთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
„რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი „ვითომ“ ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?!
რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი „შესავიწროვებელი“ ვერ დავლანდე... ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს... არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!“
აღნიშნული ფfacebook-სტატუსის გამო, პროფესორი ზაზა სიამაშვილი, რომელიც 2012 წლიდან „ჯიპა“-ს მიწვეული ლექტორი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ თემით „ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა და მის რექტორს, - მაკა იოსელიანს დაუკავშირდა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, რესპონდენტმა ჩვენი ტელეფონის ზარებს არ უპასუხა.
აღნიშნულ საკითხზე ზაზა სიამაშვილმა განაცხადა, რომ ამ ამბავს პოლიტიკური შეფერილობა აქვს:
- ეს ქალი მომართულია იმაზე, თუ რას იტყვის ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია... თუმცა, ვიქრობ, რომ არც ფემინისტებისა და ლიბერალური ფრთის ხუშტურზე არ დადის, აქ სერიოზული პოლიტიკური ნიშნები იკვეთება.
- რამდენი ხანია რაც ამ უნივერსიტეტში მუშაობთ? ადრე ხელმძღვანელობასთან პრობლემები ან კონფლიქტი ხომ არ გქონიათ?
- „ჯიპაში" 2012 წლიდან ვმუშაობ. ჯერ კიდევ მაშინ, დღევანდელი პრეზიდენტი-გიორგი მარგველაშვილი იყო რექტორი. გიორგისთან კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც მე მივედი, მაკა იოსელიანი ერთ-ერთი ფაკულტეტის, ანუ სკოლის დეკანი იყო. ეს ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო. გაგიკვირდებათ და ქალბატონი მაკა ჩასაფრებული იყო ჩემს facebook-პოსტებზე. არ აინტერესებდა არც ჩემი 30 წლიანი გამოცდილება. ერთხელ თამარ სანიკიძეზე დავწერე. ეს არ უკავშირდებოდა განათლებას, სრულიად სხვა პრობლემა იყო, - ხელნაწერთა ინსტიტუტს ეხებოდა. მაშინ ის პირველად აღშფოთდა და ამის შესახებ ჩემი კოლეგების პირით შემომითვალა. როგორც ახლანდელი პოსტი, ასევე, მაშინდელიც, განკუთვნილი იყო ჩემი მეგობრებისთვის. დავრთე ნება და გამოაქვეყნა რამდენიმე სააგენტომ. თქვენ წარმოიდგინეთ, თამარ სანიკიძესაც კი, რომელიც ჩემი სტუდენტი იყო, არ ჰქონია პროტესტის განცდა. ეს პოსტი მაშინ იყო არა პიროვნული, არამედ, მისი, როგორც მინისტრის ქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა, ეკითხებოდა თუ არა მაკა იოსელიანს, ძალიან აქტიურად განიცდიდა ესა თუ ის ლექტორი, - რა პოსტს დადებდა. ეს არის ჩემი საკუთარი facebook-გვერდი, ლექტორის გარდა ვარ საზოგადოების აქტიური წევრი და მაქვს საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირების უფლება.
- თქვენი აზრით, ეს პოლიტიკური გამოხატულება ხომ არ არის?
- დიახ, ასე ვთვლი. ერთი პერიოდი მე და ჩემი რამდენიმე თანამოაზრე „ქართული ოცნების“ აქტივობებში ვიყავით ჩართულები. მაშინ, რატომღაც არ იყო გაღიზიანებული. თვითონ გიორგი მარგველაშვილიც ,,ქართული ოცნების“ წევრი გახლდათ და კარგი ურთიერთობა გვქონდა.
2012 წელს, როცა მათთან მუშაობა დავიწყე, გიორგის ვუთხარი, რომ რამდენიმე ლექციის გაცდენა მიწევდა „ქართული ოცნების“ არჩევნების გამო. გიორგის ერთი წუთითაც არ შევუფერხებივარ ამის გამო.
Facebook-პოსტების გამო პროტესტი?! - მსგავსი რამ არ უკადრია მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც, ასევე, ვიცნობდი სკოლიდან. წარმოიდგინეთ, მასაც კი არ უსაყვედურია ამის შესახებ.
თქვენც კარგად ხედავთ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს. ამ ქალს ალბათ ვერ გაურკვევია საით უნდა გადაიხაროს და ვის დაუმტკიცოს ერთგულება. ეს მიმდინარე მოვლენები სხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას არ მაძლევს.
გეტყვით, რომ ჩემთვის ყველაზე მეტად შეშინებული რექტორი და ლექტორია მიუღებელი.
- რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს კოლეგებსა და სტუდენტებს?
- მოაწყვეს დისციპლინარული საბჭოს შეხვედრა და დამახვედრეს რამდენიმე ქალბატონი, რომელიც მე საერთოდ არ მიცნობდა. ჩემი კოლეგებისა და სტუდენტებისათვის კი, ვინც უშუალოდ მიცნობდა, აზრიც კი არ უკითხავთ...
ვისარგებლებ შემთხვევით და მათ უდიდეს მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგებს და სტუდენტებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამომიცხადეს. სწორედ ამით ვარ ბედნიერი და ამაყი. ზოგიერთი ლექტორი იქამდეც კი მივიდა, რომ მითხრა: - „იქნებ უკან წაიღო შენი სიტყვა, რაღაცა დათმოვო“... იმის გამო, რომ ისევ „ჯიპას“ ლექტორი ვიყო, ჩემს პოზიციებს ნამდვილად არ დავთმობ. მით უმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ მართალი ვარ.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს პოსტი ემსახურებოდა ჩემი უფროსი კოლეგისა და მეგობრის, - მინდია უგრეხელიძის ოჯახის პრესტიჟს, იმ კამპანიას, რომელიც მიმართული იყო მისი შვილის მიმართ. მხედველობაში მყავს პაპუნა უგრეხელიძე, რომელსაც, ასეთივე ბინძური მეთოდით აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან.
- როგორ ფიქრობთ, უშუალოდ facebook-პოსტი იყო ის არგუმენტი, რომლითაც სამსახურიდან გაგათავისუფლეს?
- ჩემი facebook-პოსტი ყურით მოთრეული ამბავი იყო. ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური შეფერილობა. მე დღესაც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ, როგორც არ უნდა ეწყინოთ და ეტკინოთ. იმ ამბებს კი, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, მგონია, რომ ბატონი ბიძინაც ძალიან განიცდის. აქ სხვა, გაცილებით შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებთ რექტორსა და მის წრეს. კეთილი ინებონ და სამართლებრივად შეხედონ, - რამდენად გამართლებულია ლექტორისთვის კონტრაქტის შეწყვეტა სემესტრის შუაში.
როდესაც სწავლასა და უმაღლეს განათლებას, როგორც ბიზნესს, ისე შეხედავ, იქ უკვე ყველაფერზე ზედმეტია საუბარი. მე ჩემი სტუდენტების განათლება მაინტერესებს და არასდროს ვუყურებ ამას , როგორც ბიზნესს და შემოსავლის წყაროს.
მინდა აღვნიშნო, რომ, ვინც მე მიცნობს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დამაბრალებს რასიზმს. ამდენი ხანი ამერიკაში დავდივარ, მისწავლია და მისწავლებია. ჩემთვის ვინმეს რომ შეემჩნია რასიზმი და დისკრიმინაცია, არ გამაჩერებდნენ ამერიკაში. დისკრიმინაციას რომ მაბრალებს მაკა იოსელიანი, - სასაცილოა. გამბედაობა თუ ეყოფა, თქვას ის მიზეზი, რის გამოც წამოვედი. მე ჯერ არ ვიტყვი. ეს ყურით მოთრეული ამბავი უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ნამდვილი მიზეზი. როდესაც მეუბნებიან, რომ უნივერსიტეტში რეკავენ მომავლი სტუდენტები, მშობლები და აცხადებენ, - თუ ზაზა სიამაშვილს არ გაუშვებთ, ჩვენ არ ჩავწერთ მისღები გამოცდის სიებში „ჯიპასო“, - ეს ჩემთვის ძალიან კომიკურია.
არ მინდოდა, რომ ეს ამბავი სასამართლომდე მისულიყო. ჩემი ადვოკატები მარწმუნებენ, რომ მართალი ვარ. Facebook-პოსტის გამო სამსახურიდან წასვლა - უბრალოდ, სირცხვილია!
ასევე, მინდა „ჯორჯიან თაიმსის“ საშუალებით უდიდესი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრ ჟურნალისტსა და მედიას, რომლებიც, სულ მირეკავენ და მუდმივად ვგრძნობ მათ თანადგომას.