logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა
- +

15 თებერვალი. 2016. 18:56


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა.


ჯაჭვლიანის გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააჟღერა.


„ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


კანონპროექტის მიხედვით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი უნდა დამატებოდა, რომლის გათვალისწინებითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.


ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner