ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნი" „ვისენტე კალდერონზე" მადრიდის „ატლეტიკოსთან" მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა. ფინალისტის ვინაობა „ალიანც არენაზე" გაირკვევა, თუმცა ფაქტია, რომ გერმანელებს სასურველი ანგარიშით გამარჯვება გაუჭირდებათ, რადგან დიეგო სიმეონეს შეგირდებს ანგარიშის შენარჩუნებაში ბადალი არ ჰყავთ. მიუხედავად ამისა, მიუნხენელთა ესპანელი დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ამ ბარიერს გადალახავს.
„წინ კიდევ ერთი მატჩი გველის. თუ წავაგებ - შეგიძლიათ მომკლათ, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. მიულერის თამაში მომწონს. ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რომ „ატლეტიკოსთან" ძირითად შემადგენლობაში ეთამაშა. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებისას შეცდომა დავუშვი", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „ალიანც არენაზე", 3 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.