ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნებას, საგნებს და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე.
ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს ფშავში. ვაჟას გარდა მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ. 8 წლამდე ვაჟა ჩარგალში იზრდებოდა, მამის -თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს და ბარბალე ფხიკელაშვილის ოჯახში.
1883-1884 წლებში ის პეტერბურგის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო, ხელმოკლეობის გამო მან დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.
1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა და ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით - ხნავდა, თესავდა და უვლიდა საქონელს. მისი პირველი ნაწარმოები 1879 წელს დაიბეჭდა „დროებაში".
ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარში. სწორედ ფშავში დაიბადა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა XIX საუკუნის ფონზე. „შვლის ნუკრის ნაამბობი", „ხმელი წიფელი", „ქუჩი", „მთანი მარალნი" და სხვა. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.
ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებულ ზნეობრივ ჩარჩოებში. „ცხოვრება მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას", რაც პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების შემართებით.
„ცივილიზებულ" სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერების მიზეზები და მათგან განკურნების საღი წყაროები.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.