ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის სუვერენული რეიტინგების ხელმძღვანელს, ალესტერ ვილსონს (Alastair Wilson) შეხვდა, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკაში არსებული დადებითი დინამიკა, პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის სტრუქტურული რეფორმები განიხილეს, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლის მიზანია, ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის გაძლიერება.
საუბარი, ასევე, შეეხო საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივა, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები.
ამჟამად, სარეიტინგო კომპანია Moody's-ის რეიტინგში საქართველოს Ba2 სტაბილური აქვს მინიჭებული.