საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კანდელაკს პასუხობს.
„ბატონ გიორგი კანდელაკს, აკვიატებული აზრებით ცნობილ ნაციონალთა პროაქტიულ რუპორს უნებებია ჩემი გუშინდელი განცხადების კომენტირება და იმის მტკიცებას მოყოლია, თუ რამდენი რამ უთქვამს და განუცხადებია მას (მათ) დღემდე ვიზალიბერალიზაციის მხარდასაჭერად (და არა პირიქით). თურმე ნუ იტყვით და მაშინ, როდესაც მე ორ კონკრეტულ ნაცმოს წარმომადგენელზე ვსაუბრობ ჩემს განცხადებაში, ამ დროს მას კომენტარში უბრძანებია, რომ სწორედ ისაა მთელი „ენმ". კი ბატონო, იყოს მასე. მაინც ვერ გარკვეულხართ ვინ ვინა ხართ და ერთმანეთს ხოცავთ ლიდერობისთვის ბრძოლაში, ზოგიერთები. არ ვიცი, იქნებ მართალიცაა და კანდელაკი ნიშნავს „ენმ"-ს ?
მოკლედ, ის, რასაც კანდელაკი ამჯერად აკეთებს არახალია. ეს მისი სტილია. ფაქტების აღრევა, საჯაროდ ცრუ დასკვნების კეთება და ხალხის ამ დასკვნებით გაბრუება.. ნაცმოს სახეც სწორედ ამ ფარისევლობაში და ორპირობაშია ქართველი ხალხის მიმართ. მათ ყველაზე მარტივად ეხერხებოდათ და შეუძლიათ ერთი თქვან და მეორე აკეთონ.
ჩემს განცხადებაში ხომ ლაპარაკია კონკრეტულ კომიტეტში მიღებულ კონკრეტულ დოკუმენტზე, რომელშიც არის კონკრეტული მოწოდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის საზაფხულო არდადეგებამდე დასრულებაზე და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ამ დოკუმენტს ნაცმოს ორმა კონკრეტულმა წევრმა კანდელაკმა და ლონდარიძემ (ტყუილად გარიეს ეს კაცი ამ საქმეში) მხარი არ დაუჭირეს (!!!!) და სწორედ კანდელაკის თავგადადებული მეცადინეობით ამ დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცა ევროპის სახალხო პარტიის ხუთივე დამსწრე წარმომადგენელმა (!!!).
უფრო მეტიც, ბატონმა საირუშ-ვოლსკიმ ყველას აჯობა და შანტაჟის შემცველი ინტერვიუები აჩუქა იმავე საღამოს ქართველ ტელემაყურებლებს და ჩვენი ზოგიერთი არხი ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ელოდებოდა ასეთ ინტერვიუს და ასჯერ გაიმეორეს კიდეც ყველა ფორმატში. ბატონმა საირუშ-ვოლსკიმ კი მერეც გააგრძელა შავი პიარი ჩვენი ხელისუფლების მისამართით და ცალკე განცხადება და ტვიტებიც მიუძღვნა იგივე თემას.
კანდელაკს კი შეგნებულად სხვა თემებზე, ფაქტებზე და შემთხვევებზე გადააქვს ყურადღება თავის კომენტარში და ამტკიცებს, თურმე, რომ ნაცმო ზაფხულამდე ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომხრე ყოფილა და ამას თურმე საჯარო განცხადებებით და გამოსვლებით ამყარებდნენ.
(ოჰ, ეს თმენის ვალდებულება რააა!!!)
მოდით რა, ერთი გადავლახოთ ეს ყველაფერი, მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და მერე დაწვრილებით გაგანდობთ იმ ინფორმაციას, რომლითაც ადვილად მიხვდებით, რომ ყველაზე ცუდ საქმეს ამ პროცესში ძალიან კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ. დღეს ამაზე ღიად საუბარი მხოლოდ ხელს შეგვიშლიდა წინსვლაში და უხერხულობაში ჩააყენებდა იმ ჩვენს კოლეგებს ევროპაში, რომლებმაც, თავად აღშფოთებულებმა გაგვანდეს ეს ინფორმაციები.
მეგობრებო, ის რაც ბრიუსელში ხდებოდა 25-26 აპრილს, ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემი და ჩემი კოლეგების თვალწინ. კანდელაკის მიერ ხსენებული ბატონი ლევან ბერძენიშვილის თვალწინაც. ბოლოსდაბოლოს, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერიც და ყველა ჩვენი კოლეგა დავადასტურებთ, რომ აღნიშნულმა ბატონებმა ზემოხსენებულ დოკუმენტს, რომელსაც ქვია „ასოცირების კომიტეტის განცხადება და რეკომენდაციები" ხმა არ მისცეს (!!!) და პირიქით, ცდილობდნენ, რომ ეს დოკუმენტი საერთოდ ჩავარდნილიყო. (!!!!!)
ამ სიმართლეს მალავს კანდელაკი და მკითხველის დაბნევის მიზნით კომენტარში ყვება ვიზალიბერალიზაციის მოსანიჭებლად დარჩენილ პროცედურებზე, თითქოსდა მე, ჩემს განცხადებაში დარჩენილ პროცედურებზე რამე სხვა ინფორმაციას ვაწვდიდი მკითხველს. თურმე, ნუ იტყვით და ნაცმოს ხელისუფლებას „ჩაუცემენტებია" ვიზების თემა თავის დროზე და ამავე დროს იგი სიტყვას არ ძრავს იმ შავ პიარზე, რომელსაც იგივე ზემოხსენებული პოლონელი კოლეგა მასთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს დღესაც, ბრიუსელის შემდეგ დღეებშიც, როგორც ვიზალიბერალიზაციის, ისევე ჩვენი ხელისუფლების წინააღგმდეგ....
ერთი სიტყვით, მეგობრებო, საბედნიეროდ, ევროპის სახალხო პარტია, რომელიც უდავოდ დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზე მხოლოდ საირუშ- ვოლსკის მსგავსი პერსონაჟებისგან არ შედგება. პირიქით, მისნაირი „ჰარდლინერ" -ების რიცხვი პარტიაში მცირეა. ევროპის სახალხო პარტიაში ბევრი მეგობარი ყავს როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ისე ბევრ ჩვენთაგანს „ქართულ ოცნებაში". ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ მათი სახელით ქართველი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება ვინმემ აშანტაჟოს.
როდემდე უნდა იცრუოს „სიცრუის მანქანამ"? თუმცა, ალბათ ვერასდროს გადაეჩვევა.
ყველა წინაღობას გადავლახავთ. ყველაფერს გავაკეთებთ და რევანშისტებს და შანტაჟისტებს არ გავახარებთ. ქართველები იმსახურებენ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში და მიუხედავად შინა და გარე მოწინააღგმდეგეებისა მალე ამასაც მივაღწევთ." - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.